თბილისი, 4 მარტი - Sputnik. გენიალური ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტილო „სააღდგომო ბატკანი“ მრავალწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ.
ნახატი, რომელიც 2011 წელს მოსარჩელე დამიან ალანიასგან ამოიღეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს, კვლავ ალანიას ოჯახს დაუბრუნდა.
საქმის მასალების თანახმად, 2009 წელს მოსარჩელის მამამ მიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ნიკო ფიროსმანაშვილის ტილოს - „სააღდგომო ბატკნის“ ნამდვილობის დადასტურების თხოვნით. სამინისტროში მიტანილ ნიმუშს თან ახლდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული ანტიკვარული სალონის დირექტორის, მზია შალვაშვილის მიერ.
2010 წელს ოჯახმა სამინისტროსგან მიიღო პასუხი მაშინდელი მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ხელმოწერით. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ „სააღდგომო ბატკანი“ არ იყო ფიროსმანის შემოქმედების ნაწილი. ამასთან დაკავშირებით მალევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოსარჩელის მამისა და ანტიკვარული სალონის დირექტორის, მზია შალვაშვილის წინააღმდეგ მუხლით - „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება“.
ამასთან, საქმეში, სისხლის სამართლის ექსპერტიზის თანახმად, აღნიშნული იყო, რომ სურათი სავარაუდოდ, იყო ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ნიმუში. შედეგად, სასამართლომ შალვაშვილს 1 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, ნახატი კი ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ მფლობელობაში გადასცა.
2018 წელს შალვაშვილის საქმე გადაიხედა და ოქტომბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ანტიკვარული სალონის დირექტორის უდანაშაულობის შესახებ დადგენილება გამოსცა. რაც შეეხება ალანიას, პროკურატურამ დაადგინა, რომ ნახატი მას კანონიერად ეკუთვნოდა. ამგვარად, სურათზე საკუთრების უფლების საკითხი მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდა.
საინტერესოა, რომ კოლეგიის განცხადებაში არ არის დაზუსტებული, ფიროსმანის კონკრეტულად რომელ ნახატზეა საუბარი - ფიროსმანს დახატული აქვს არანაკლებ ხუთი ტილო სახელწოდებით „სააღდგომო ბატკანი“. ამჟამად ერთ-ერთი მათგანი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ფიროსმანის დარბაზშია გამოფენილი.