კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“

გამოწერა
ნებისმიერი ერის მომავალი დედების ხელშია. მაგრამ თუ დედა ამავე დროს მასწავლებელიცაა, მაშინ მისი დანიშნულება ორმაგად საპასუხისმგებლოა. ეს ნათქვამი უბრალო რიტორიკა რომ არ არის, არაერთხელ დავრწმუნდით.

დღეს დედის დღეა და გადავწყვიტეთ, რომ რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“ ისეთი ქალბატონი ჩაგვეწერა, რომელიც დედობას და მასწავლებლობას ერთნაირად ღირსეულად ითავსებს და იფერებს. კატო ცენტერაძე ურეკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია. ინსტიტუტის შემდეგ განაწილებით გურიის მაღალმთიან სოფელში მოხვდა. ცხოვრებაში პირველი გაკვეთილი ერთბავშვიან კლასში ჩაატარა...

მას შემდეგ გამოცდილებაც შეიძინა და დღეს ზუსტად იცის, რომ მასწავლებელი–დედა მოსწავლეებს, სხვის ბავშვებსაც მშობლის პოზიციიდან უნდა უყურებდეს...

© photo: courtesy of Kato Centeradzeკატო ცენტერაძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“ - Sputnik საქართველო
კატო ცენტერაძე

- ქალბატონო კატო, პედაგოგიურზე ქართული ლიტერატურის სიყვარულით ჩააბარეთ თუ ეს პროფესია ოჯახური ტრადიცია იყო?

- მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურა თითქმის ვასიკო კეჟერაძესავით მიყვარს და პედაგოგების ოჯახშიც ვიზრდებოდი, მასწავლებლობაზე არასოდეს მიოცნებია. ყოველთვის იურისტობა მინდოდა. ჩემ დროს იურიდიულზე რომ ჩაგებარებინა, ან მედალოსანი უნდა ყოფილიყავი, ან ორი წლის სამუშაო სტაჟი უნდა გქონოდა. წელიწადი რომ არ გამეცდინა, პედაგოგიურზე „ვცადე" და ჩავაბარე. ასე რომ, პედაგოგი შემთხვევით გავხდი. თუმცა, დღეს წლებმა და გამოცდილებმა უკვე დამარწმუნა იმაში, რომ ეს ჩემი მოწოდებაა...

© photo: courtesy of Kato Centeradzeმოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“ - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად

- თქვენმა პირველმა მასწავლებელმა როგორ დაგამახსოვრათ თავი?

- სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი და ეს ორი რამით იყო გამოწვეული: პირველი, ზედმეტად განვითარებული მოვალეობის გრძნობა მქონდა და მეორე, მასწავლებლების შვილი ვიყავი და არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა, მშობლების ხათრით უწერენ ნიშნებსო. რაც შეეხება პირველ მასწავლებელს, ეს კოლორიტული პიროვნება მარო მექვაბიშვილი გახლდათ. ასეთი მასწავლებელი საუკუნეში ერთხელ იბადება. ყველას გვიყვარდა და პატივს ვცემდით. დღემდე მახსოვს მისი ახსნილი გაკვეთილები. პირველ სექტემბერს გვითხრა – მასწავლებელი რომ შემოვა, ფეხზე უნდა ადგეთო და გარეთ გავიდა. როცა თავიდან შემოვიდა, სამი ბავშვი ადგა. ის უსიტყვოდ გავიდა და ისევ დაბრუნდა. ახლა ათი ბავშვი წამოხტა ფეხზე. 15 წუთის შემდეგ კი ყველამ ვიცოდით, რომ უფროსს ფეხზე ადგომით უნდა მივსალმებოდით. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ საკლასო ოთახში უსიტყვოდ, არტისტულად ყელმოღერებული გადი-გამოდიოდა. უცნაური ჯილდო და სასჯელი იცოდა: ჯილდო იყო – „მოდი, მაკოცე“, სასჯელი – „გადაჯექი გოგოსთან“. ანუ, თუ არ იცოდი გაკვეთილი, მაშინ ბიჭს გოგოსთან გადასვამდა, გოგოს – ბიჭთან. მოგეხსენებათ, ეს 1971 წელია, გაგანია სოციალიზმი... რაც მთავარია, მიზანი ამართლებდა საშუალებას.

© photo: courtesy of Kato Centeradzeმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“ - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- თქვენი, როგორც მასწავლებლის პირველი გაკვეთილი როგორი იყო?

- პირველი გაკვეთილი ერთბავშვიან კლასში ჩავატარე... ეს იყო ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდვანში (სურებში), სადაც ინსტიტუტის დამთავრებისთანავე წავედი განაწილებით. მახსოვს, იმ წელს ცხრაწლიან სკოლას ასი წელი უსრულდებოდა. ჰოდა, აგვისტოს ბოლოს ეზოში შესულს უზარმაზარი ჭადრის ძირში მოქეიფე, აღტაცებული ახალგაზრდები შემეგებნენ. მაშინ 22 წლის ვიყავი და დღემდე მახსოვს ის პატივისცემა და მოწიწება, რასაც უფროსი ადამიანები თუნდაც ახალგაზრდა მასწავლებლების მიმართ იჩენდნენ. ჩემთვის სიურპრიზი იყო ის, რომ ცხრაწლიან სკოლაში ცხრა მოსწავლე და 14 მასწავლებელი ვიყავით. იყო კლასები, სადაც მხოლოდ ერთი ან ორი მოსწავლე დამხვდა. ზოგში საერთოდ არ იყო. იქ გატარებული სამი წელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხანაა...

© photo: courtesy of Kato Centeradzeმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“ - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- როგორია მასწავლებელი-დედა, თუ უყურებს ბავშვებს მშობლის პოზიციიდანაც?

- მასწავლებელი–დედა ჩინებული შერწყმაა, რადგან ასეთ დროს მშობლისაც და ბავშვისაც უფრო გესმის, ორივეს მიმართ უფრო დამთმობი ხარ. თავის დროზე ჩემი შვილების კლასში (ისინი ერთად სწავლობდნენ) მასწავლებლად მიმუშავია, მაგრამ მალევე დავტოვე. მივხვდი, რომ ისინი თავს უხერხულად გრძნობდნენ, როცა მათ მეგობარს შენიშვნას ვაძლევდი. ამით მეც გარკვეული დისკომფორტი მექმნებოდა. მეცინება, როცა მასწავლებლის შვილებს ზოგჯერ „ხელშეუხებელ კასტას“ უწოდებენ. ეს გარედან დანახული „რეალობაა“. სინამდვილეში ისინი ყოველი მხრიდან „დაჩაგრული" მოზარდები არიან, რომელთა „დანაშაული“ მშობლების პროფესია და ზოგიერთი კლასელის ამბიციური მშობელია. თუმცა გამონაკლისი ორივე მხრიდან არსებობს. თუ მასწავლებელი ხარ და დაუმსახურებლად გინდა შენს შვილს მაღალი ნიშნები ჰქონდეს, ამას შეძლებ, მაგრამ იცოდე, რომ ამით მეგობრებს უკარგავ. გიღირს?!. მეორე შემთხვევაში, თუ მშობელი ხარ და არ გეუხერხულება განაცხადო, იმას თუ უწერია, ჩემს შვილსაც დაუწერონო, მაშინ საკუთარ შვილს სულის სიმშვიდეს უკარგავ და თანაკლასელთა ირონიულ მზერას „უჩალიჩებ". გიღირს?!. საერთოდ, ყველაფრის შემოწმება ადვილია, საკმარისია შემაჯამებელ სამუშაოს შედეგებს გადახედოთ.

© photo: courtesy of Kato Centeradzeგაკვეთილზე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“ - Sputnik საქართველო
გაკვეთილზე

- დღევანდელი სასკოლო პროგრამიდან რომელ მწერალს ამოიღებდით და თანამედროვე მწერლებიდან ვის შეიყვანდით?

- სასკოლო პროგრამიდან ამოვიღებდი საზღვარგარეთის ლიტერატურის ნიმუშებს, რაც უნდა დიდებული და მნიშვნელოვანი იყოს. ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და, ვფიქრობ, არც აღმზრდელობითი და არც მხატვრული თვალსაზრისით ის დახმარებას არ საჭიროებს. თანამედროვე ავტორებიდან შევიტანდი ნიკო გომელაურის ლექსებს და არჩილ ქიქოძის მოთხრობებს კრებულიდან „ამანათი", მგონი, „კახეთის მატარებელს" შევარჩევდი.

© photo: courtesy of Kato Centeradzeმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“ - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- არსებულ სასწავლო პროცესში რამეს შეცვლიდით?

- ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მოსწავლის ყოველდღიურ შეფასებას გავაუქმებდი და მხოლოდ შემაჯამებელს დავტოვებდი. ჩემი აზრით, ამით სწავლება უფრო ეფექტური გახდებოდა. ამის არგუმენტირება შორს წაგვიყვანს, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი რამ 21-ე საუკუნეში ატავიზმია. შეიძლება მკვეთრი ნათქვამი გამომივა, მაგრამ, ჩემი აზრით, ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა.

© photo: courtesy of Kato Centeradzeმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“ - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- რომელია ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას? 

- ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა მასწავლებელს მოსწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აშკარად ეტყობა. იდეალურ ვარიანტში ასეთი დამოკიდებულება არც უნდა არსებობდეს, მაგრამ „კაცნი ვართ"... არ უნდა დაგვეტყოს!

- რა შემთხევაში ხდება მასწავლებელი ბულინგის მსხვერპლი?

- იმ ჟურნალისტების „წყალობით“, რომლებიც უსამართლოდ და სუბიექტურად აშუქებენ რეალობას და მათ შორის სასკოლო თემებსაც, შეუგნებელი მშობლების ხელში მასწავლებელი ყოველთვის ბულინგის მსხვერპლია. რასაკვირველია, მასწავლებელი მოსწავლეს არც ერთ შემთხვევაში ფიზიკურად არ უნდა გაუსწორდეს და ასეთი შემთხვეები უმკაცრესად უნდა დაიგმოს. თუმცა, თუნდაც ერთ ჟურნალისტს მაინც უნდა გაუჩნდეს კითხვა – რატომ მიმართავენ მოსწავლეები ჯგუფურად ათას ხერხს, რომ მასწავლებელი მოთმინებიდან გამოიყვანონ?! ჩემი აზრით, ტენდენციურ თოქ-შოუებს ასეთ თემებზე სწორედ ბავშვობაში მასწავლებელზე განაწყენებული ჟურნალისტი აწყობს და ამ გზით ქულებს იწერს. თუმცა უცხოეთში განათლებამიღებულ ჟურნალისტს მაინც ეცოდინება ქართული ანდაზა: „ერთი – ცხვრისკენ, ერთი – მგლისკენ"?..

© photo: courtesy of Kato Centeradzeურეკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კატო ცენტერაძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“ - Sputnik საქართველო
ურეკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კატო ცენტერაძე

- საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რა მოსაზრებებს გაგვიზიარებდით?

- რამდენიმე დაკვირვებას გაგიზიარებთ: თუ, ზოგადად, ადამიანი არ გიყვარს, თუ ერთხელ მაინც შარვლიდან პერანგამოჩაჩული ბავშვის დანახვაზე მისი მოწესრიგების სურვილი არ გაგჩენია, თუ მეთერთმეტეკლასელის მოთავხედო გამოსვლაზე არ გაგიფიქრებია – ღმერთო ჩემო, ის ჯერ კიდევ ბავშვია! თუ გაკვეთილზე ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებს და სიმშვიდეს გიკარგავს – უნდა მიხვდე, რომ შენი ადგილი სკოლაში არ არის. ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ისეთი სიტუაცია, გამოსავლის ძებნა რომ ყოფილიყო საჭირო, გაკვეთილზე არასოდეს შემქმნია.

- „ერთხელ გაკვეთილზე“... რა ამბავი გახსენდებათ?

- ერთხელ (ზუსტად მახსოვს წელი და დღე, 1987 წლის 18 თებერვალს), შევედი ორბავშვიან კლასში და მასწავლებლის მაგიდა ყოჩივარდებით სავსე დამხვდა. ყოჩივარდებს შორის მოქცეული იების სამი კონა საკლასო ოთახში უნაზეს სურნელს აფრქვევდა. დებმა, ნონა და ნანა რამიშვილებმა მორცხვად მომიბოდიშეს – კატო მას, მთელ ტყეში ამაზე მეტი იები ვერ ვიპოვეთო. როგორ ფიქრობთ, დამავიწყდება ოდესმე?!.

- დღეს დედის დღეა...

- ყველა დედას ვულოცავ ამ დღეს და ბედნიერ დედობას ვუსურვებ მათ ღრმა სიბერემდე. დედისთვის საჩუქარი შვილების ჯანმრთელობა და სიხარულია. ჰოდა, ამ მხრივ სულ დასაჩუქრებული ყოფილიყავით. ამ დღეს ჩემთვის ყველაზე ღირებული საჩუქარი ბავშვების მიერ დახატული ბარათებია წარწერით „მიყვარხარ, კატო მასწავლებელო!“. მერწმუნეთ, მაგარი გრძნობაა!..

 

ყველა ახალი ამბავი
0