თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი დავალებები და რეკომენდაციები გასცა.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.
„კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
არ ურჩევს მოგზაურობას მოქალაქეებს ასევე დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
„პირველი ჩვენი რეკომენდაცია იყო ყოველთვის, რომ თავი ავარიდოთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მაღალ, დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობას. ესენი იყვნენ ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. დღეს მინდა, ასევე, ვთხოვო საზოგადოებას, რომ რადგან ევროპაში უკვე სერიოზული გავრცელებაა, დღეს საფრანგეთში უკვე 100 შემთხვევაა, მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ გერმანიაში, იტალიაში უკვე გადააჭარბა ათასს, ეს არ არის მანდატორული რეკომენდაცია, მაგრამ არის რეკომენდაცია, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ მოვერიდოთ მოგზაურობას“ ,- განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.
ასევე, აქტიურ ფაზაში გადავიდა საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები. უწყების ცნობით, სასწავლო დაწესებულებები, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება.
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.
საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი თბილისში კორონავირუსის გამო გადაიდო >>
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.