თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ვრცელდება უჰანელი ექიმების რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით: როგორ მოვიქცეთ >>
ინფექციონისტ რევაზ მეჭურჭლიშვილის განცხადებით, მათი ვირუსული დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 24 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინო ზონაში კი 21 პაციენტი გადაიყვანეს.
„ამაჟამად გვყავს 24 პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში. გუშინ გვყავდა 36 პაციენტი, აქედან 24 პაციენტის ანალიზი წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში. 19-ზე გვქონდა უარყოფითი პასუხი. მოხდა მათი კარანტინში გადაყვანა. სულ 21 პაციენტი გადავიყვანეთ სრულ კარანტინში, ანუ ამ 19-ს პლუს ძველი მიღებული ორი“, - განაცხადა მეჭურჭლიშვილმა.
რაც შეეხება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, იქ გუშინ ღამით კლინიკაში დაკვირვების მიზნით, 13 პაციენტი შეიყვანეს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნებათ, 13-დან მხოლოდ ოთხს დაუფიქსირდა დაბალი ტემპერატურა და ყველა მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ლევან გოფოძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს 88 პაციენტის მიღება შეუძლია.
ასევე, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კარანტინს გადის ჩინეთიდან გადმოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე. ცენტრის დირექტორის, მიშა ქამუშაძის განცხადებით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
„არცერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი, თავს კომფორტულად გრძნობენ“, – განაცხადა მიშა ქამუშაძემ.
თავდაპირველად საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში სულ 34 პირი გადაიყვანეს, აქედან სამმა ტერიტორია რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნებართვით დატოვა და კარანტინის დარჩენილ პერიოდს თვითიზოლაციაში გაატარებენ.
გარდა ამისა, ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს მგზავრი, რომელიც ქვეყანაში პარიზის რეისით ჩამოვიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა, შესაბამისად მედიკოსების გადაწყვეტილებით, პაციენტი დაკვირვების მიზნით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა და უცხოეთიდან არის ჩამოსული.
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა >>
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.