თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტი იმყოფება. მათგან ორს კორონავირუსი დაუდასტურდა, 21–ს კი – არა, განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურალისტებთან საუბრისას.
საქართველოში ირანსა და იტალიაში ტვირთების გადაზიდვაზე აკრძალვა დაწესდა>>
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. პირველი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში, ხოლო მეორე იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალი. ორივე შემთხვევაში ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ამ ეტაპზე 39 პაციენტი მიწევს, 21 ტესტი უარყოფითია, ამ 21 პაციენტს ვამზადებთ უკვე საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად. დარჩება აქ 18 პაციენტი. აქედან დღის პირველ ნახევარში აღებულია სინჯები და 8 პირის ტესტირების პასუხი ცოტა მოგვიანებით, ღამით იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, კლინიკაში გრძელდება ორი პაციენტის მკურნალობა რომელთაც კორონავირუსი აქვთ. ეზუგბაიამ არ გამორიცხა, რომ 31 წლის ქალმა თავის თანამშრომლებსაც გადასდო დაავადება.
„ამ ქალბატონს, როგორც ვიცი, არ ჰქონდა განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა, იქ პირთაგან რომელიმესთან აღმოჩნდეს ტესტი დადებითი. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, მათთანაც ჩატარდება კვლევები. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ტესტი უარყოფითია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობილია, რომ დაავადებული ქალი „საქართველოს ბანკის“ სანზონის ფილიალში მუშაობდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში წასვლისგან.
კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო ზომებს იღებენ. გადაწყდა ორი კვირით ირანთან სახმელეთო მიმოსვლის აკრძალვა.
მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
ამირან გამყრელიძე: იტალიიდან ჩამოსულებს ეძლევათ რჩევა, თვითიზოლაციაში იყვნენ>>
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.