ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებას მალე ექვსი პაციენტი დატოვებს

© Sputnik / STRINGERინფექციური საავადმყოფოს შესასვლელი
ინფექციური საავადმყოფოს შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შესული  11 პაციენტიდან ხუთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 21 პაციენტი იმყოფება, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

„დილას 10 პაციენტი იყო, დაგვემატა 11 პაციენტი, ამ 11-დან ხუთთან უკვე გაკეთდა ახალ კორონავირუსზე კვლევა და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების შემოწმება ახლა მიმდინარეობს და პასუხი მოგვიანებით გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
სალომე ზურაბიშვილი გამყრელიძესა და ტიკარაძეს შეხვდა - Sputnik საქართველო
„საქართველო დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს“ - ზურაბიშვილი კორონავირუსის შესახებ

მისივე თქმით კორონავირუსით დაავადების შემთხვევა ჯერჯერობით მხოლოდ  იმ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა.

„ირანიდან ჩამოსული იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ინფიცირებული იყო დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა და ჩივილები არა აქვს, ლაბორატორიული მონაცემებით პათოლოგიური ცვლილებები არ უვლინდება და მისი მეთვალყურეობა ხდება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციური სავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 21 პაციენტიდან 6 ადამიანი, რომელთაც ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ, რამდენიმე საათში საკარანტინო განყოფილებაში გადავლენ.

„საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან ირანის ისტორია გვაქვს სამი, ერთი იტალიელია და დანარჩენი ყველა ქართველი იტალიის ისტორიით - ძირითადად მილანია და ყველას მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელია.

როგორც ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, პაციენტს რესპირატორული ინფექციის სიმპტომები აქვს.

„ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს პაციენტი. სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელი. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას აქვს ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია პირველადი კვლევები, გაუკეთდება რენტგენი, ემზადება კვლევებისთვის. თუ არ ვცდები, გადმოყვანილია აეროპორტიდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
Wizz Air - Sputnik საქართველო
ავიაკომპანია Wizz Air კორონავირუსის გამო იტალიაში ფრენების სიხშირეს ამცირებს

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. საუბარია 50 წლის მამაკაცზე, საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან დაბრუნდა აზერბაიჯანის გავლით. ამ ინფორმაციამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. თბილისელებმა აფთიაქებში და სუპერმარკეტებში მედიკამენტების და სურსათის მომარაგება დაიწყეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყდა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორი კვირით სახმელეთო გადაადგილება აიკრძალება.

ამას გარდა, ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0