თბილისში მალე 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები გამოჩნდება

© photo: Tbilisi City Hall / FBISUZU-ს მარკის ავტობუსები
ISUZU-ს მარკის ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
BMC-ს მარკის ავტობუსები, რომლის წარმოებაც თურქეთში ხდება, 90 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისს უახლოეს მომავალში 126 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მერის განცხადებით, აღნიშნული ავტობუსების წარმოება თურქეთში ხდება და ისინი კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) იმუშავებენ.

ახალი ავტობუსის სალონი - Sputnik საქართველო
თბილისის ავტოპარკი 40 ავტობუსით შეივსო

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, გამოყოფილია თანხები და გამოცხადებული იყო შესყიდვა 12-მეტრიან ავტობუსებზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი", რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ს მარკის ავტობუსი, რომელიც თურქეთში იწარმოება და ბუნებრივ აირზე (CNG) მუშაობს. უახლოეს მომავალში დაიწყება მათი აწყობა-წარმოება და შემდეგ უკვე დედაქალაქში შემოყვანა", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

BMC-ს მარკის ავტობუსები 90 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემები. გარდა ამისა, ავტობუსები აღჭურვილი იქნება საინფორმაციო ხმოვანი სისტემით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის შიდა და გარე სისტემით, USB-დამტენებით, გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალებითა და მგზავრთა ნაკადის ავტომატური მთვლელი სისტემით.

ავტოპარკის განახლების მიზნით 2019 წელს დედაქალაქის მერიამ 90 ერთეული ათმეტრიანი MAN-ის მარკის და 220 ერთეული ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსი შეიძინა.

ავტოპარკის განახლება ქალაქის მთავრობას 109,7 მლნ ლარი დაუჯდა.

ამჟამად თბილისში ყოველდღიურად 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქალაქის ხელისუფლება ამორტიზებული მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანად გამოცვლას გეგმავს და ახალი ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაიზრდება.

დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0