თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი წარუდგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
53 მგზავრზე გათვლილი ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით რვა მარშრუტზე გადანაწილდება – დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრებლებს მოემსახურება და შემოერთებულ სოფლებს ქალაქის ცენტრალურ რაიონებთან დააკავშირებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ 40 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეემატება.
ავტოპარკის განახლების მიზნით 2019 წელს დედაქალაქის მერიამ 90 ერთეული ათმეტრიანი MAN-ის ტიპის და 220 ერთეული ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსი შეიძინა.
თბილისში MAN-ის მარკის 50 ერთეული ავტობუსი გაზაფხულზე შემოიყვანეს. რაც შეეხება ISUZU-ს მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე ოქტომბერში 60 ერთეული შემოიყვანეს.
როგორც MAN-ის, ისე ISUZU-ს მარკის ავტობუსები ადაპტირებული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ავტობუსებში არის WiFi–ქსელი, ასევე გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემები. ავტობუსის სალონებში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და USB-დამტენები.
ამჟამად თბილისში ყოველდღიურად 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქალაქის ხელისუფლება ამორტიზებული მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანად გამოცვლას გეგმავს და ახალი ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაიზრდება.
დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.