თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობისათვის ძალისხმევის გაძლიერება და მათი ოჯახების საჭიროებები" თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში 26-28 თებერვალს გაიმართება, ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) განცხადებაში.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი საქართველოში ძალზე აქტუალურია. 1973 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე სულ დაიკარგა დაახლოებით 6 ათასი ადამიანი. აქედან მხოლოდ 5 ათასის მოძებნა მოხერხდა.
ICRC-ს ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი მიზანია გამოცდილების, სტრატეგიების, პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ასევე რეკომენდაციების შემუშავება მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში ამ მიმართულებით მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტ-ანთროპოლოგები ამერიკიდან, ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების რთულად საიდენტიფიკაციო ნეშტებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ.
აფხაზეთში ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 25 ადამიანის ნეშტი იპოვეს>>
კონფერენციაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ოჯახების წევრები და ოჯახური ასოციაციების წარმომადგენლები საქართველოდან. მათი მონაწილეობის მიზანია ადგილობრივი კულტურული და რელიგიური წეს-ჩვეულებების სრულად გათვალისწინება სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავებისას.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 2011 წლიდან საქართველოში მრავალდარგობრივი პროგრამა დაიწყო, რაც მიმართულია შეიარაღებულ კონფლიქტებში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ადგილსამყოფელისა და ბედის დადგენისკენ. ანთროპოლოგიური კომპონენტი ამ პროგრამის ნაწილია. ამ პერიოდში გაწეული მუშაობის დროს ამოუცნობი ნეშტების პრობლემა გამოვლინდა.
შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი 195 ადამიანს მიენიჭა. აქედან ნაპოვნია 133 ადამიანი, მათ შორის ათი გარდაცვლილი იყო.
უგზო-უკვლოდ დაკარგულებიდან გასულ წელს პოლიციამ ვერ მოახერხა 16 წლამდე ასაკის შვიდი ბავშვის პოვნა.
საქართველოში ამჟამად 1 ათასი ადამიანი იძებნება. აქედან 208 ქალია, 792 – მამაკაცი. ისინი სხვადასხვა დროს გაუჩინარდნენ. აღსანიშნავია, რომ ყოველი მესამე დაკარგული თბილისში ცხოვრობდა.