თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ ირანის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ირანიდან საქართველოში საჰაერო გზით მგზავრების გადმოყვანის შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ ირანის მიმართულებით პირველი რეისი 23 თებერვალს შესრულდა, რომელმაც ირანის მოქალაქე 130-მდე ტურისტი თეირანში წაიყვანა. ირანის მიმართულებით 100 ადამიანი გუშინაც გაემგზავრა.
საქართველოდან ირანში დღეს კიდევ 300-მდე მოქალაქე გაემგზავრება. მათი უმეტესობა ტურისტები არიან.
„ეს არის ჩვენი ავიაკომპანიის მიერ შესრულებული მეორე რეისი. პირველ საჰაერო ხომალდთან შედარებით, ეს საჰაერო ხომალდი უფრო დიდია, ამ შემთხვევაში 287 მგზავრი ჰყავს, რაც არის სრული რაოდენობა ჩვენი საჰაერო ხომალდის. სულ სავსეა რეისი. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია მომდევნო რეისებთან დაკავშირებით, თუმცა დასაშვებია და არის შესაძლებელი, კიდევ განხორციელდეს რეისები“, – განაცხადა ავიაკომპანია „ქეშმის“ წარმომადგენელმა ლევან მაწიაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიის მიერ ფასები გაწერილია, შესაძლებელია, ფასები უფრო ძვირი იყოს, რადგან ერთი მიმართულებით თვითმფრინავი ცარიელი მოფრინავს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ირანის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დროებით შეჩერდა ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა. თუმცა, ავიაკომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანში აღირიცხა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 16-ს მიაღწია. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 95 შემთხვევა. ვირუსით დაავადების შემთხვევების უმრავლესობა თეირანთან ახლოს, ქალაქ კომში გამოვლინდა
ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან 11-მა ქვეყანამ საჰაერო ან/და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა. საზღვრები ჩაკეტეს ერაყმა, თურქეთმა, ავღანეთმა, პაკისტანმა და სომხეთმა, ხოლო ავიამიმოსვლა შეაჩერეს საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ომანმა და საქართველომ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან, საიდანაც ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
ბოლო მონაცემებით, სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 80 149 კაცი შეადგინა. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 77 658 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა სულ 23 232 კაცი, გარდაიცვალა 2 663. ამ დროისათვის ავადაა 47 672 ადამიანი, მათგან 9 126 მძიმე მდგომარეობაშია.