თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ინიციატივით აქცია იმართება, იუწყება პირველი არხი.
საქართველოს მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვას გეგმავს, ამის შესახებ პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისი მალე დიდი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება.
აქციის მონაწილეები ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისის განვითარების პერსპექტივას საბოლოოდ მოსპობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქუთაისის განვითარებას მიზანმიმართულად ებრძვის.
მოძრაობის წარმომადგენლებმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს. აქტივისტების თქმით, ისინი საპარლამენტო არჩევნების წინ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მხარს დაუჭერენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა პროგრამის ნაწილი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებაც იქნება.
აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ქუთაისში პარლამენტის შენობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აშენდა. პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს გადავიდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ და 2019 წელს აღნიშნული ინიციატივა სისრულეში მოიყვანეს კიდეც.
ქუთაისში უკვე მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა. საგანმანათლებლო კომპლექსი 140 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და რეგიონში პირველი მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომელიც თანამედროვე ლაბორატორიებით და ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. კომპლექსი 60 ათას სტუდენტზეა გათვლილი.
საუნივერსიტეტო ქალაქი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო სივრცეს, აუდიტორიებს, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, ბიბლიოთეკებს, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საერთო საცხოვრებლებს. გარდა ამისა, მოეწყობა კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, სპორტული ინფრასტრუქტურა – ფეხბურთისა და რაგბის სტადიონები, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის მოედანი, აუზი.