თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის ქუთაისის შენობის ფუნქციონირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,5 მილიონამდე ლარი იხარჯება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის განცხადებით, ეს თანხა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მაგრამ მთლიანად იხარჯება იმაზე, რომ შენობა მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდეს.
რაც შეეხება დეპუტატების სამივლინებო ხარჯებს, მიქანაძის განმარტებით, ქუთაისში ჩამოსვლის დროს არანაირ დამატებით სამივლინებო ხარჯებს დეპუტატები არ იღებენ.
„მათ აქვთ მხოლოდ ხელფასი და იმ შემთხვევაში, თუ მათ უწევთ ქუთაისში დარჩენა, განთავსებასთან დაკავშირებულ თანხებს პარლამენტის წევრები საკუთარი ხარჯებიდან გასწევენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა ქუთაისის სასახლეში არსებული აპარატურის თბილისში გადატანის საკითხებზეც ისაუბრა.
„თბილისში არის გარკვეული აპარატურა, თუმცა იმ აპარატურის ნაწილის, რომელიც ქუთაისშია, მოხდება გადატანა და, შესაბამისად, სათადარიგო ვარიანტად გამოყენება, რაც დამატებითი ეკონომიის მომენტს ქმნის. შესაბამისად, როდესაც პარლამენტის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება შევა ძალაში, პარლამენტის თბილისის სასახლე სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა სასესიო სხდომები ჩატარდეს და პარლამენტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტი 2019 წლის იანვრიდან თბილისში მთლიანად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, შს სამინისტროს გადაეცემა. წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაში შსს-ს აკადემია ან გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112" განთავსდება.
ამ დროისთვის საქართველოში პარლამენტის ორი შენობა ფუნქციონირებს. თუმცა, თბილისში არსებულ შენობაში მხოლოდ საკომიტეტო მოსმენები ტარდება.
პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ.
2017 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა სხდომები ქუთაისში უნდა ჩაატაროს.