თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. დეპუტატები მალე რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვას შეუდგებიან, რომლის თანახმად პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ამ დროისთვის საქართველოში პარლამენტის ორი შენობა ფუნქციონირებს. თუმცა, თბილისში არსებულ შენობაში მხოლოდ საკომიტეტო მოსმენები ტარდება.
დიდი ალბათობით, პარლამენტი თბილისში საბოლოოდ 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გადმოვა.
ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაში კი შსს-ს აკადემია, ან გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112" განთავსდება.
პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დასვეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანის შესახებ.
2017 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა სხდომები ქუთაისში უნდა ჩაატაროს.