ომბუდსმენი: 2020 წელს უკვე სამი ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის გატარებული ზომები საკმარისი არ არის.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მხოლოდ 2020 წელს ოჯახური ძალადობის შედეგად სამი ქალი მოკლეს და სამი ქალის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება.

ძალადობა - Sputnik საქართველო
საგანგაშო სტატისტიკა: 2019 წელს ოჯახურ ძალადობაში 4,6 ათასი ადამიანი დაადანაშაულეს

„არ არის საკმარისი ის ფრაგმენტული ძალისხმევა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ხორციელდება! ასევე მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერების, ფემიციდის ფაქტების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით გაშუქების მიმართულებით!" – დაწერა ლომჯარიამ.

ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მკვლელობის ბოლო ფაქტი სამტრედიაში 18 თებერვალს მოხდა. ქმარმა ახალგაზრდა ქალი მოკლა, რომელსაც მასთან განქორწინება სურდა.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს ოჯახური ძალადობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 4,6 ათას ადამიანს დაეკისრა, მათი უმეტესობა დაკავებულია. ასევე გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათასზე მეტ ფაქტზე, მაშინ, როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო. გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით პოლიციამ 10,3 ათასი შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად გამოიყო. ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახური კონფლიქტების ფონზე ჩადენილი მკვლელობების რიცხვი გაიზარდა. 2014 წელს ოჯახური „გარჩევების" შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0