თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დეპუტატები საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.
ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა უკვე დააანონსეს პარლამენტის შესასვლელთან შოთაძისთვის „სირცხვილის დერეფნის" მოწყობა.
საპროკურორო საბჭოს მიერ წარდგენილი შოთაძის კანდიდატურის აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცებას პარლამენტში 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს. აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურას, რომელიც აღნიშნული თანამდებობის დაკავებას მეორედ ცდილობს, საპროკურორო საბჭოში კენჭისყრისას საჭოს 12 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" უკვე განაცხადეს, რომ შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.
გენპროკურორის პოსტი 2019 წლის დეკემბერში გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა და სისხლის სამართლის კოლეგიას ჩაუდგა სათავეში.
ირაკლი შოთაძემ გენპროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე.
შოთაძის გენპროკურორობის პერიოდში უწყებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. უწყებაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. გარდა ამისა, გაჩნდნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საკითხებში, ასევე გაჩნდა გენპროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.
ამ პერიოდში გენერალურმა პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის" თაღლითობის საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.
ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 2018 წელს საზოგადოების ზეწოლის ფონზე მას შემდეგ დატოვა, რაც პროკურატურამ არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.