თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყოველ ორშაბათს აჯამებს გასული კვირის მონაცემებს და მას თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
საქართველოში დაავადების პიკი დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა. იანვარში სპეციალისტები არ გამორიცხავდნენ, რომ პიკის მეორე ტალღა თებერვალში დაფიქსირდებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 161 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი 155-ს შეადგენდა. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მოსახლეზე 450-500 ადამიანი ავადდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაინფიცირებულთა რიცხვი 178 ადამიანი იყო.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, ბოლო მონაცემებით, ის 30%-დან 29%-მდე შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17%-ს შეადგენდა.
როგორც ადრე, შემთხვევების 66%-ში საქართველოში B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია. დანარჩენი შემთხვვებიდან ქვეყანაში A ტიპის – H3 და H1 ვირუსებია, არის აგრეთვე რინოვირუსები.
სპეციალისტები კვლავ ურჩევენ მოქალაქეებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მშობლებს კი აძლევენ რეკომენდაციას, გრიპისა და გაციების სიმპტომებისას ბავშვები არ გაუშვან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მსხვილ ორგანიზაციებს, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებს სადეზინფექციო საშუალებებისა და საპნის მომარაგებისკენ უკვე მოუწოდა. მისი სიტყვებით, ყველა დაწესებულებას შესაბამისი რეკომენდაციების შემცველი წერილები გაეგზავნება.