ილია მეორე: საქართველო დალოცვილი ქვეყანაა

გამოწერა
НовостиTelegram
დღეს მართლმადიდებელი სამყარო მირქმას აღნიშნავს - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ეს დიდი დღესასწაული მიულოცა

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და შეახსენა, რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი და დალოცვილი ქვეყანაა.

მირქმა - მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: ღვთისა და კაცის შეხვედრის დღე >>

მირქმა უძველესი საეკლესიო დღესასწაულია - ის საშობაო დღესასწაულების ციკლს ასრულებს. ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები იხსენებენ ლუკას სახარებაში აღწერილ მოვლენას, რომელიც ქრისტეს შობიდან 40 დღეში მოხდა.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას, ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა სულიერი აღდგომაა. მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველისა და ახლისა აღთქმისა, დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთანა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას“, – ამ სიტყვებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დალოცვილი ქვეყანაა.

„საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს. დაგლოცავთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელი მსოფლიოს“, - ბრძანა ილია მეორემ.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ახალი ვირუსი გამოჩნდა იმისთვის, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს

სენზე საუბრისას, კათოლიკოსი კორონავირუსს გულისხმობდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთიდან ოფიციალური სახელწოდება მიანიჭა - COVID-2019. ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავორუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 66 492-ს მიაღწია, აქედან 1523 გარდაიცვალა, 8096 განიკურნა. ამჟამად ავად არის 56 873 ადამიანი, მათ შორის 11 053 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 - რუსეთში.

რაც შეეხება საქართველოს, აქ დაავადების გამოვლენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0