თუ გრძნობებზე საუბრისა გერიდებათ, წმინდა ვალენტინის დღეს გაკეთებული არაჩვეულებრივი საჩუქარი შეიძლება სიყვარულში გამოტყდომის იდეალურ საშუალებად იქცეს.
იმისათვის, რომ წმინდა ვალენტინის დღე თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის დაუვიწყარი გახდეს, „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ რამდენიმე იდეას შეყვარებულთა დღისთვის. ისეთი საჩუქრის შერჩევა ხომ, რომელიც თქვენს რჩეულს გულს აუჩქროლებს, ნამდვილად არ არის ადვილი.
მეორე ნახევრის ან საყვარელი ადამიანის გახარება და გაკვირვება შესაძლებელია როგორც ძვირფასი და პრაქტიკული საჩუქრებით, ისე სიმბოლური სამშვენისებით. „ვალენტინობის“ საჩუქარს შეავსებს გულის ფორმის ბარათებში ჩაწერილი ლექსები და სურვილები, რომლებიც უკვე 1500 წელზე მეტია წმინდა ვალენტინის დღის სიმბოლოდ რჩება.
საჩუქრები საყვარელი ქალისთვის
ყველა ქალს თავისი ცდუნებები აქვს — ერთი სამზარეულოს კომბაინზე ოცნებობს, მეორე კი ასეთ საჩუქარს შეურაცხყოფად მიიღებს. ამიტომ პრიორიტეტები და ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ და ინდივიდუალურად მიუდგეთ საჩუქრის შეძენის საქმეს.
საიუველირო ნაკეთობები „ვალენტინობისთვის“ საუკეთესო საჩუქარია ასაკის მიუხედავად. ნებისმიერ ქალს უყვარს სამკაულები, ასეთი საჩუქარი დაგიფასდებათ.
შეყვარებულთა დღე, თუ თქვენ დაქორწინებული არ ხართ, საუკეთესო დროა გულის სწორისთვის საქორწინო ბეჭდის საჩუქებლად, მისი ხელისა და გულის სათხოვნელად. მაგრამ თუ ჯერ არ გეგმავთ ქორწილს, აჩუქეთ სხვა სამკაული – სამაჯური, გულის ფორმის გულსაკიდი, საყურეები ან მძივი. არჩევანი თქვენზეა.
შეყვარებულის გახარება რომანტიკული მოგზაურობითაც არის შესაძლებელი, აგრეთვე მისი საყვარელი მაღაზიის, სპა-სალონის, კინოთეატრის სასაჩუქრე ბარათებით და ა.შ.
ბოლო დროს ერთობლივი ფოტოსესიებიც ძალიან პოპულარული გახდა, ასე რომ, ასეთი საჩუქარი თქვენს შეყვარებულს გულგრილს არ დატოვებს.
თუ შესაძლებლობა გაქვთ, საუკეთესო საჩუქარი, რა თქმა უნდა, ავტომობილი იქნება, მაგრამ თუ საამისოდ ფული არ გყოფნით, უყიდეთ ან საკუთარი ხელით დაამზადეთ ხის პატარა მაგიდა საწოლში საუზმისთვის. ასეთ საჩუქარს თქვენი შეყვარებული ნამდვილად დააფასებს, მით უმეტეს, თუ დაპირდებით, რომ დილაობით ფინჯანი არომატული ყავით გაანებივრებთ.
აჩუქეთ შეყვარებულს ბროლის გული, რომელზეც თქვენი სახელები იქნება ამოტვიფრული. ასეთი საჩუქარი ბინის ინტერიერის დასამშვენებლადაც კი გამოდგება.
თუ თქვენს საყვარელ ქალს უყვარს საკუთარი გამოსახულებით ტკბობა, აჩუქეთ მას ლამაზ ჩარჩოში ჩასმული თავისი პორტრეტი, ან დიდი და ლამაზი ალბომი ფოტოებით, რომლებიც თქვენი ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპებს გაახსენებს. მართალია, ციფრული კამერების ეპოქაში ალბომებში სურათების შენახვა თავისთავად მოძველებულია, მაგრამ რომანტიკული ადამიანები ამგვარ საჩუქარს დააფასებენ.
შეყვარებულს შეგიძლიათ ასევე აჩუქოთ ქალის დახვეწილი თეთრეული, ძვირფასი კოსმეტიკა, მობილური ტელეფონი, ლამაზი ჩანთა, მოდური ფეხსაცმელი და მრავალი სხვა. არჩევანი დიდია — დაწყებული სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშმით და დასრულებული ყვავილებით მოფენილი საძინებლით. უბრალოდ, საჭიროა ჩართოთ ფანტაზია და გაიხსენოთ საყვარელი ადამიანის პრიორიტეტები.
ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი საჩუქრები შეიძლება იყოს: ყვავილები, საჰაერო ბუშტები, ტკბილეული, სათამაშოები და მრავალი სხვა, რასაც გულის ფორმა ექნება. შეყვარებულების დღეს უფრო მეტად საჩუქრის ღირებულება კი არ ფასდება, არამედ რომანტიკული განწყობა და საყვარელი ადამიანის გახარებისა და განებივრების სურვილი.
საჩუქრები მამაკაცებისთვის
ძვირფასი სუნამო, კოსმეტიკური საშუალებების ნაკრები, შხაპგელი, პორტსიგარა და სანთებელა (თუ თქვენი რჩეული ეწევა), საფულე, ქოლგა და ბევრი სხვა რამ შეიძლება იქცეს სასიამოვნო საჩუქრად. თქვენ მზრუნველობას ხაზს გაუსვამს სპეციალური სათვალეები (მხედველობის შესანარჩუნებლად, თუ ხანგრძლივად უწევს კომპიუტერთან ყოფნა), ორთოპედიული ბალიში ავტომობილის სავარძელზე დასამაგრებლად, მათთვის, ვინც ხშირად ზის საჭესთან.
საჩუქრის შერჩევა შეგიძლიათ საყვარელი მამაკაცის გატაცებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. თუ მისი ვნება ექსტრემალური სპორტია, აჩუქეთ მას საჰაერო ბუშტით ფრენის ან პარაშუტით გადმოხტომის სერტიფიკატი. შეგიძლიათ ცხენებით ერთობლივი გასეირნება, თეატრში წასვლა ან რომანტიკული ფილმის ყურება დაგეგმოთ.
ვალენტინობის დღეს საყვარელ ადამიანს შეგიძლიათ ინტიმური საჩუქრები გაუკეთოთ. მაგალითად, სექსუალური ტრუსი სიყვარულში გამოტყდომით ან პანტალონი სახალისო სურათით, რომლის შეკვეთაც ფოტოსალონში შეგიძლიათ. შესაძლებელია სასაცილო ან სასიყვარულო წარწერებიანი მაისურის ჩუქებაც. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
შეყვარებულს განსაკუთრებით მოხიბლავს თქვენი ხელით გაკეთებული საჩუქარი — თბილი, ნაქსოვი სვიტერი, წინდები ზედ ამოქარგული გულით ან შარფი, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში გაათბობს და თქვენს სიყვარულს შეახსენებს.
არ დაგავიწყდეთ, რომ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის, ამიტომ რომანტიკული ვახშამი ნებისმიერი საჩუქრის შესანიშნავი ალტერნატივაა. ვახშმისთვის მისი საყვარელი კერძები უნდა მოამზადოთ, შეგიძლიათ გულის ფორმის ტორტი გამოაცხოთ. ლამაზად გააწყვეთ მაგიდა და შეამკეთ ის სანთლებით. არ დაგავიწყდეთ მსუბუქი მუსიკა რომანტიკული ატმოსფეროსთვის.
ზოგადად კი გახსოვდეთ: თქვენს რჩეულს ნებისმიერი საჩუქარი გაახარებს, თუ ის სიყვარულით შერჩეული და მთელი გულით მიძღვნილი იქნება.