შეყვარებულთა დღეს ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს რომანტიკაზე, სასიყვარულო გარემოსა და საჩუქრებზე. მაგრამ ზოგჯერ სასარგებლოა ამურულ ეიფორიას ოდნავ განვერიდოთ და წმინდა ვალენტინის დღის შესახებ რაიმე ახალი და ჩვენთვის უცნობი შევიტყოთ. ამიტომაც 14 თებერვლის დღეს „Sputnik–საქართველო" ამ დღესასწაულის შესახებ ყველაზე საინტერესო ფაქტების ტოპ–ოცეულს გთავაზობთ.
1. იცოდით, რომ 14 თებერვალი მხოლოდ შეყვარებულების დღე არ არის? ვალენტინის დღის გარდა ამ დღეს კომპიუტერების სპეციალისტის დღესაც აღნიშნავენ. ამავე დღეს დაარსდა სერვისი YouTube, დაიბადა ანა გერმანი და ჰავაის კუნძულებზე 1779 წელს ჯეიმს კუკი გარდაიცვალა. გერმანიაში კი 14 თებერვალს სულიერი ჯანმრთელობის დღეს ზეიმობენ. იმიტომ ხომ არა, რომ ყველა შეყვარებული ოდნავ შეშლილია?
2. 1797 წელს ინგლისში გამოიცა „ახალგაზრდა მამაკაცისთვის „ვალენტინკების“ დაწერის სახელმძღვანელო“. ის უამრავ ლექსსა და რეკომენდაციას შეიცავდა და მიზნად ისახავდა გამოუცდელი რომეოების დახმარებას, რომლებმაც ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის არქონის გამო არ იციან, როგორ გამოხატონ საკუთარი გრძნობები.
3. 14 თებერვალს ყველაზე საყვარელ საჩუქარს უდავოდ შოკოლადი წარმოადგენს. მოკლედ, შოკოლადის კანფეტების პირველი კოლოფი რიჩარდ კალბურიმ შეყვარებულთა დღისთვის შექმნა. სხვათა შორის, ХIХ საუკუნეში ფსიქიატრები შოკოლადს იმ პაციენტებს უნიშნავდნენ, რომლებიც გაუზიარებელი სიყვარულისგან იტანჯებოდნენ.
4. თქმულების თანახმად, ძველ რომში 14 თებერვალს ქორწინებისა და დედობის ქალღმერთის იუნონას დღესასწაული აღინიშნებოდა. ამ დღეს გოგონები წერდნენ სასიყვარულო წერილებს და მათ უზარმაზარ ურნაში ყრიდნენ. ბიჭებს კი ურნაში ჩაუხედავად თითო წერილი უნდა ამოეღოთ და იმ გოგონასთან ურთიერთობა დაეწყოთ, რომლის წერილიც შეხვდებოდათ.
5. სხვა ლეგენდის თანახმად, ერთ–ერთი პირველი „ვალენტინკის“ ავტორი იყო ჩარლზი, ჰერცოგ ორლეანელი, რომელმაც ის 1415 წელს თავის ცოლს ტაუერის ციხიდან გაუგზავნა, სადაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა. ამაში ყველა მსურველი დარწმუნდება — წერილი ბრიტანულ მუზეუმში ინახება.
6. ანტიკურ საბერძნეთში ამ დღესასწაულს „პანურგიებს“ უწოდებდნენ. ეს იყო რიტუალური თამაშები, რომლებიც ღვთაება პანის (რომაულ ტრადიციაში ფავნის) პატივსაცემად იმართებოდა. პანი ითვლებოდა ცხოველების, ტყეების, მინდვრების და ნაყოფიერების მფარველად, ის მოიაზრებოდა მხიარულ და გართობაში ჩაფლულ ჭაბუკად, რომელიც სალამურზე საამოდ უკრავდა და ნიმფებს თავისი სიყვარულის გარსში ახვევდა.
7. 14 თებერვლის რეკორდები: 2001 წლის ამ დღეს 22 ქვეყნიდან 34-მა წყვილმა ათი მეტრის სიღრმეზე წყლის ქვეშ ერთმანეთს სიყვარული შეჰფიცა. ეს ტაილანდის სამხრეთ ნაწილში, კრადანის კუნძულთან მოხდა. ამ მომენტისთვის ეს მოვლენა გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია როგორც ყველაზე დიდი წყალქვეშა ქორწინება. 2010 წელს კი მეხიკოში მასობრივი კოცნის მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა, მასში მონაწილეობა თითქმის 40000 ადამიანმა მიიღო.
8. ყველაზე ძვირფასი „ვალენტინკა“ არისტოტელე ონასისის შეკვეთით ოქროსა და ძვირფასი ქვებისგან მარია კალასისთვის დამზადდა. 60–იანი წლების ფასების მიხედვით, მისმა ღირებულებამ დაახლოებით 300000 აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე ყოვლისმომცველი „ვალენტინკა“ კი ჩენდუში (ჩინეთი) ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე დაიხატა და ეძღვნებოდა ქალაქის ყველა მცხოვრებს, ეს კი 14 მილიონი ადამიანია, ტურისტებს თუ არ ჩავთვლით. „ვალენტინკის“ ავტორი ქალაქის ხელისუფლება იყო.
9. იაპონელებში წმინდა ვალენტინის დღე მამაკაცების დღესასწაულია. ამ დღეს უამრავ საჩუქრებს და მილოცვებს უძღვნიან. ერთი თვის შემდეგ კი იაპონელები თეთრ დღეს ზეიმობენ, რომლის დროსაც ყურადღებისა და თაყვანისცემის ობიექტები ქალები ხდებიან.
10. იამაიკაზე ამ დღესასწაულის დროს მორიდება და მორცხვობა უკანა პლანზე გადადის. არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვით, წმინდა ვალენტინის დღეს იქ „შიშველი ქორწილები“ ტარდება, რომლის დროს მექორწინეებს სამოსიდან მხოლოდ საქორწილო ბეჭდები აქვთ.
11. ამ დღეს საფრანგეთში მიღებულია საიუველირო სამკაულის და ძვირფასეულობის ჩუქება, დანიაში – თეთრი გამხმარი ყვავილების. ფინეთში 14 თებერვალი მეგობრობის დღედ ითვლება და ფინელები არა მარტო თავის მეორე ნახევრებს ულოცავენ, არამედ მეგობრებსაც.
12. იტალიაში წმინდა ვალენტინის დღეს „ტკბილი დღე“ ეწოდება. იტალიელები ერთმანეთს მტრედებით და გულებით მორთულ ტორტს ჩუქნიან.
13. ირანსა და საუდის არაბეთში წმინდა ვალენტინის დღე აკრძალულია, ურჩებს კი უზარმაზარ ჯარიმებს ახდევინებენ. ამ სახელმწიფოების ხელისუფალთ მიაჩნიათ, რომ შეყვარებულთა დღე მოქალაქეებზე მავნე გავლენას ახდენს და ცოდვილ აზრებს აფიქრებინებს. გარდა ამისა, იქ რბილი სათამაშო დათუნიები აკრძალულია, როგორც „ვნების“ დღესასწაულის ატრიბუტი.
14. ინგლისურ ენაში არსებობს გამონათქვამი to wear your heart on your sleeve, რაც ნიშნავს „შენი გულის ტარებას სახელოზე“. ეს ფრაზაც შეყვარებულთა დღეს უკავშირდება. შუა საუკუნეებში ამ დღეს გოგონები და ბიჭები პატარა ქაღალდებზე სახელებს წერდნენ და ამ ფურცლებს დოქში ყრიდნენ. შემდეგ ყველა თითო ფურცელს ამოიღებდა და თავისი სატრფოს სახელს იგებდა. არჩეული სახელი მათ თავის სახელოზე ერთი კვირის განმავლობაში უნდა ეტარებინათ.
15. ცნობილია, რომ ალ კაპონეს ხელქვეითებმა მოწინააღმდეგე დაჯგუფების წევრები 1929 წლის 14 თებერვალს დახვრიტეს — ეს დღე ისტორიაში შევიდა როგორც „ხოცვა–ჟლეტა წმინდა ვალენტინის დღეს“.
16. საიდუმლო არ არის, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრია მარტოხელა ადამიანი. ამიტომაც მარტოხელა, მაგრამ სიყვარულით აღსავსე ამერიკელები საჩუქრებსა და „ვალენტინკებს“ შინაური ცხოველებისთვის ყიდულობენ. რამდენიმე კვლევის თანახმად, ყოველწლიურად შეყვარებულთა დღისთვის თავისი შინაური ცხოველებისთვის საჩუქრებს ცხრა მილიონზე მეტი ადამიანი ყიდულობს.
17. აშშ–ში, ნებრასკას შტატში არის ქალაქი ვალენტინი. ბევრს ჰგონია, რომ ეს სახელი მან იმიტომ მიიღო, რომ პირველი მატარებელი აქ 14 თებერვალს გამოჩნდა. მაგრამ ეს ასე არ არის. ქალაქი ნებრასკას რესპუბლიკელი პოლიტიკოსის ედვარდ კიმბლ ვალენტინის სახელს ატარებს.
18. ვალენტინის დღეს კარგ ნიშნად კოცნა ითვლება. ამბობენ, ეს წარმატების მომტანია.
19. 14 თებერვალს დღესასწაულზე ვარდების, კანფეტების, ძვირფასეულობისა და მისალოცი ბარათების გაყიდვების ძლიერი ზრდა შეინიშნება. ამ დღეს უამრავი საქორწილო ცერემონია ტარდება. გარდა ამისა, კონტრაცეფციის საშუალებების გაყიდვებიც მნიშვნელოვნად იზრდება, მარტში კი აფთიაქებში ორსულობის ტესტებზე მოთხოვნა იზრდება.
20. და, ბოლოს, ვალიელების თქმულების მიხედვით, წმინდა ვალენტინის დღეს დაბადებული ბავშვი სიყვარულით გაუმაძღარი და სიყვარულის მფრქვეველი ადამიანი გაიზრდება.