ნინი რაზმაძე
როგორც აღმოჩნდა, გოგონებს უფრო უჭირთ ბიჭებისთვის საჩუქრის არჩევა. საათი, საფულე, სუნამო, ალკოჰოლური სასმელები… ზოგი მეგობრის, ზოგიც ზოდიაქოს დახმარებით ცდილობს კარგი საჩუქრის არჩევას.
ნინო: ძალიან გამიჭირდა საჩუქრის არჩევა, მეგობრები დამეხმარნენ. რთულია ადამიანს აურჩიო ისეთი საჩუქარი, რომელიც დიდხანს ემახსოვრება და, რაც მთავარია, მოეწონება. მე საბოლოოდ არჩევანი საათზე შევაჩერე, არც ისეთი ორიგინალური და განსხვავებულია, მაგრამ, იმედი მაქვს, მოეწონება. მეც ველოდები საჩუქარს, მხოლოდ რა იქნება, არ ვიცი.
ელენე: ამბობენ, რომ საყვარელი ადამიანისგან ნებისმიერი საჩუქარი სასიხარულოა — სამაჯური, ყელსაბამი… თუმცა გოგონები, რომლებიც წლების განმავლობაში შეყვარებულები არიან, ვაღიაროთ, რომ ძირითადად მაინც ხელის თხოვნას ელოდებიან. 14 თებერვლისთვის საჩუქრის რამდენიმე ვარიანტი მაქვს შერჩეული… რაც შეეხება ჩემს საჩუქარს, უკვე ვიცი, რასაც მივიღებ — ჩემი საყვარელი სუნამო გამილამაზებს ამ დღეს.
მარიამი: რაც არ უნდა უცნაური იყოს, მე ჩემს შეყვარებულს საჩუქარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვურჩევ. თავად ძალიან სჯერა ჰოროსკოპის და, მგონი, მეც დავიწყე დაჯერება. მისი ზოდიაქოს ნიშნისთვის განკუთვნილი ქვა ვუყიდე და, იმედი მაქვს, მოეწონება. მეც ველოდები რაიმე რომანტიკულსა და საოცარს, ვნახოთ, რას მივიღებ.
სოფო: ამ დღებში ბიჭები ცდილობენ რაღაც განსხვავებული გაჩუქონ, მაგრამ რამდენად გამოსდით, ეს სხვა საქმეა. საბოლოო ჯამში, უმეტესობა არჩევანს მაინც სუნამოსა და თაიგულზე აჩერებს. იშვიათია ბიჭი, რომელიც რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრებას შეძლებს. მე ამ შეთხვევაში გამიმართალა. წინა წელს საყვარელი ჯგუფის კონცერტის ბილეთი მივიღე, წელსაც არ მაქვს ნაკლები მოლოდინი.
ყვავილი, სუნამო, აქსესუარები… – ბიჭების თქმით, ეს გოგონებისთვის განკუთვნილი საჩუქრებია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ დღეს ბიჭები უფრო სერიოზულად უდგებიან და ცდილობენ ორიგინალური საჩუქარი უსახსოვრონ საყვარელ ადამიანს.
გიორგი: რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება საჩუქრის შერჩევა. თაიგული, სამკაული, სუნამო — ძირითადად ეს საჩუქრებია. მე მინდა წელს ჩემს შეყვარებულს ოცნება ავუხდინო და დასასვენებლად წავიყვანო, ვიცი, რომ ძალიან მოეწონება. გასულ წელს მან ისეთი საჩუქარი გამიკეთა, არასდროს რომ არ დამავიწყდება. ვცდილობთ ერთმანეთს ეს დღე განსაკუთრებულად დავამახსოვროთ.
გოჩა: ისე გამოდის, რომ ბიჭები უფრო ბევრს ვფიქრობთ საჩუქრებზე, რადგან გოგოები ამ დღეს ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ელოდებიან. ჩვენც ვცდილობთ იმედები არ გავუცრუოთ. შარშან ჩემს შეყვარებულს საჩუქარი რომ არ მოეწონა, არც დაუმალავს. იმის შემდეგ ცოტა „შეშინებული“ ვარ და ვცდილობ რამდენიმე ვარიანტი მოვიფიქრო და იქიდან შევარჩიო რამე, რაშიც მეგობრებიც მეხმარებიან. პირადად მე პრობლემა არ მაქვს, მისგან ნაჩუქარი ყველაფერი გამიხარდება.
ირაკლი: ჩემი აზრით, ყველაზე კარგი საჩუქარი ბიჭებისთვის ის არის, რაც გჭირდება, იმას რომ გჩუქნიან. გოგონებთან ცოტა სხვაგვარადაა, შეიძლება ათი სუნამო ჰქონდეს და კიდევ რომ აჩუქო, მაინც გაუხარდეს. ხანდახან მგონია, რომ მათთვის მოლოდინის პროცესი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე საჩუქარი. წელს გადავწყვიტე რომატიკულ ვახშამზე დავპატიჟო.
… დღეს ქალაქი ყვავილებისფერია. დღეს ჰაერში სიყვარულის სუნი ტრიალებს. დღეს თვალები გაცისკროვნებული და ბედნიერია. დღეს სურვილების და ოცნებების ასრულების დღეა, სურვილების, რომელიც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილია.
… დღეს სიყვარულის დღეა.