თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა 40 წლის გოჩა ვეფხვაძის მკვლელობისთვის ხუთი ძებნილიდან ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ერთი წლის წინანდელი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია>>
მკვლელობა 2019 წლის 6 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების მონაცემებით, ხუთმა ადამიანმა ვეფხვაძე იძულებით აიყვანა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც ის დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შედეგად ვეფხვაძე მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ძებნილი თბილისში დააკავეს. კიდევ ოთხი ადამიანის ძებნა გრძელდება. ყველა ბრალდებულს გასული წლის ოქტომბერში სასამართლომ აღკვეთის ზომად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, პირთა ჯგუფის მიერ განზრახ მკვლელობა, პირთა ჯგუფის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული სასჯელის სახით შვიდიდან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.