„აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია“ - დასავლეთმა საქართველოში მომხდარი მოვლენები შეაფასა

CC0 / cytis / Capital Hillაშშ-ის კონგრესის შენობა
აშშ-ის კონგრესის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რვა თვეზე ნაკლები დარჩა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება საარჩევნო სისტემის საკითხზე კი ჩაიშალა.

თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, და შეშფოთება გამოთქვეს ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩაშლის გამო.

„რესურსი არის" – საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან შეთანხმება სურს >>

ოპოზიციამ მოლაპარაკებაში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო განაცხადა. როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას სასჯელის ვადა გაუხანგრძლივა. ოპოზიციამ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია.

„აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია, რომ განაჩენი ოპოზიციური ლიდერის მიმართ, თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი, დიალოგს საფრთხის ქვეშ აყენებს“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ამ განაჩენის გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის აუცილებელი დეპოლარიზაციისკენაა მიმართული“, - ასე შეაფასა ბოლოდროინდელი მოვლენები ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურმა.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროში მეორე ვადით მიდის

ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოში საარჩევნო სისტემის სრულყოფის აუცილებლობას, ასევე სასამართლოების საქმიანობის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

„ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების ერთგული, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად პირობების შექმნის საუკეთესო გზაა“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა.

ოპოზიციიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ 30-მდე პარტიის წარმომადგენლები, თუმცა წამყვან როლს პროდასავლური „ევროპული საქართველო“, რესპუბლიკელები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებდნენ.

დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს ჯერ შედეგი არ მოჰყოლია - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავისი მოქმედებით მოლაპარაკებას აზრი დაუკარგა.

მმართველი პარტიიდან კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც ოპოზიცია სისხლის სამართლის საქმის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაებას დიალოგის პროცესში“.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
უგულავას საქმე: საქართველოში ევროპარლამენტის მისია ჩამოვა

„პოლიტიკა ვერ იქნება თავშესაფარი და ინდულგენცია პირებისთვის, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს“, - აღნიშნა მდინარაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და უგულავას საქმე არანაირად არ უკავშირდება დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში თანხის გაფლანგვის საქმეზე კიდევ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0