„ახალი სკოლის მოდელი" ოთხი წლის შემდეგ მთელ საქართველოს მოიცავს

© photo: Sputnik / Stringer55-ე საჯარო სკოლა
55-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოცემულ მომენტში პროექტში ჩართულია 165 საჯარო სკოლა, 3,4 ათასი მოსწავლე და სამი ათასზე მეტი პედაგოგი.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. 2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი" ახალ, უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადადის, 2024 წლისთვის კი ქვეყნის ყველა სკოლას მოიცავს, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ ჟურნალისტებთან ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე.

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
განათლება, როგორც ხსნა – რაზე დებს ფსონს საქართველოს ხელისუფლება

„ახალი სკოლის მოდელის" დანერგვა 2019 წელს ქვეყნის 165 სკოლაში დაიწყო. მოცემულ მომენტში მასში ჩართულია 3,4 ათასი მოსწავლე და სამი ათასზე მეტი პედაგოგი. 2020 წლიდან პროექტი დაახლოებით 300 სკოლას, 96 ათას მოსწავლესა და 8 ათას პედაგოგს მოიცავს.

„ახალი სკოლის მოდელი" – ეს არის რეფორმა, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახიდან, სადაც ექსპერტების მიერ გაზიარებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით თითოეული სკოლა საკუთარ, ინდივიდუალურ „სკოლის მოდელს" ქმნის", - განაცხადა დგებუაძემ.

მისი სიტყვებით, გაიზრდა პროექტში ჩართული კლასების რიცხვიც. თუ აქამდე „ახალი სკოლის მოდელი" მხოლოდ დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის 5-9 კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვნენ.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ "ახალი სკოლის მოდელის" დანერგვისთვის დაგეგმილია პროცესის დეცენტრალიზება რესურს-ცენტრების ჩართულობით. კერძოდ, შეიქმნება ექსპერტების ჯგუფები რეგიონების მიხედვით. 14 საგნობრივი ექსპერტისაგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი რესურს-ცენტრების ბაზაზე იმუშავებს და მასში, გარდა საგნობრივი ექსპერტებისა, დაწყებითი საფეხურის, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტებიც შევლენ.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას. ამ ეტაპისთვის სკოლებისთვის გადაცემულია 3,4 ათასზე მეტი ლეპტოპი, 522 პროექტორი და 77 დამტენი კარადა.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
განათლებისა და კულტურის სამინისტროები კვლავ ცალკეული უწყებები გახდება

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროექტის მთავარი მიზანი მოსწავლისთვის ფუნდამენტური ცოდნის მიცემა, სასწავლო მასალის გათავისებაში იმ დონემდე დახმარება, რომ მან შეძლოს კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება. სკოლის გარემო კი უნდა იყო პიროვნებაზე ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

„ახალი სკოლის მოდელი" სკოლების შეფასებასაც გულისხმობს სასკოლო კულტურისა და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვით. შედეგად, განისაზღვრება სკოლების ინდივიდუალური პროფილები, რომლებშიც ისახება მათი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები. მსგავსი ტიპის შეფასებები საშუალებას აძლევს სკოლას, დაინახოს რეალური სურათი და დაგეგმოს კონკრეტული აქტივობები არსებული გამოწვევების დასაძლევად", - განაცხადა დგებუაძემ.

„ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში ხდება კლასები განახლება, სკოლების ინტერნეტითა და WiFi-ით აღჭურვა. პირველკლასელთა ნეთბუქები თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით - Minecraft Education Edition, Scratch - არის მოდიფიცირებული.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.

ყველა ახალი ამბავი
0