ბოლო დღეებში საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში აქტიურად განიხილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ სხვადასხვა უწყებად დაყოფის საკითხი.
უწყებების გაერთიანება მოხდა 2018 წელს, მინისტრთა კაბინეტის ოპტიმიზაციის პროცესში, როდესაც სამინისტროების რაოდენობა 10-მდე შემცირდა. იდეა ეკუთვნის საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ის თავიდანვე სადავო იყო.
სამინისტროების შემცირება ბიუროკრატიაზე საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მიზნით, ხელისუფლების სურვილით მოხდა. ამავე დროს, იდეის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ არცერთი სფერო ამ შერწყმით არ დაზარალდებოდა.
ნაჩქარევი გადაწყვეტილება
ზოგიერთი დეპუტატის თქმით, „მცირე მთავრობის“ ჩამოყალიბების და სამინისტროების გაერთიანების იდეა შეცდომა იყო. ერთი წლის შემდეგ, კანონმდებლების უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა. უფრო მეტიც, მას არ მოუტანია მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ეკონომია, რადგან ყველა სამსახური მუშაობას იმავე შენობებში და თითქმის ერთსა და იმავე კადრებით განაგრძობდა.
2020 წელს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იგეგმება 1,7 მილიარდი ლარის გამოყოფა, საიდანაც დიდი ნაწილი განათლებისა და მეცნიერების განვითარებას მოხმარდება.
ამავე დროს, მთავრობამ 2019 წლის ბოლოს დააანონსა განათლების რეფორმის ახალი ეტაპი, რომლის თანახმად, განათლების სამინისტროს დაფინანსებამ მშპ-ს 6% უნდა შეადგინოს.
ამ რეფორმის ფონზე, რამდენიმე უწყების გამაერთიანებელი სამინისტროს გაყოფა კიდევ უფრო აქტუალური გახდა
როგორც „Sputnik-საქართველოსთან“ პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გუგული მაღრაძემ განაცხადა, უწყებების გამიჯვნა მათ უფრო ეფექტურს გახდის.
„არის სპეციფიკური საკითხები, რომლებიც უკეთესად გვარდება, როდესაც ცალკეული სამინისტრო არსებობს. ვფიქრობ, რომ წინა წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ უფრო ეფექტური იქნება, თუ კულტურის სამინისტრო ცალკე იქნება”, - განაცხადა მაღრაძემ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სამინისტროს გაყოფის პროცესი 2020 წლის თებერვალში დაიწყება. ამისათვის პარლამენტმა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უნდა მიიღოს.
კულტურა ცალკე უნდა იყოს
უწყების გამიჯვნას კულტურის ცნობილი ქართველი მოღვაწეებიც ითხოვენ. ღია წერილში მათ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდეს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოიყოს.
მასში ხელოვნების მოღვაწეებმა განმარტეს, რომ კულტურის გაერთიანებამ სხვა უწყებებთან არსებითად შეამცირა საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობები, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემის გადაჭრა უწევს.
მიმართვას ხელი მოაწერეს ისეთმა ცნობილმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან რეჟისორები რობერტ სტურუა, ელდარ შენგელაია, თემურ ჩხეიძე, კომპოზიტორები ნიკოლოზ რაჭველი, დათო ევგენიძე, მსახიობები კახი კავსაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, საქართველოს ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილების" დირექტორი ნინო სუხიშვილი და სხვა.
ცალკეული სამინისტროს შექმნას მხარი დაუჭირეს ასევე საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, მხატვართა კავშირმა, არქიტექტორთა კავშირმა, კომპოზიტორთა კავშირმა და სხვა შემოქმედებითმა გაერთიანებებმა.