ალექსანდრე პელეგის ცხოვრებისეული „ბილინგვა“ – ხელოვანისა და მეცნიერის ორი სამშობლო

© photo: Alexander Peleg / FBალექსანდრე პელეგი
ალექსანდრე პელეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როცა ჩვენი სტატიის გმირმა საქართველო დატოვა, წარმატებული მეცნიერი გახლდათ და მისი კარიერა ზენიტში იყო.

ისრაელში ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია, მაგრამ ყურადღება და პატივისცემა არც ისტორიულ სამშობლოში დაკლებია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში დაიწყო. პროფესიული კვალიფიკაცია 1975–1977 წლებში მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში აიმაღლა. 1982 წელს დისერტაცია ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე დაიცვა, რის შემდეგაც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.

სხვადასხვა დროს იყო საქართველოს განათლების სამინისტროს მთავარი გამოთვლითი ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და განათლების სამინისტროსთან არსებული მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტის დოცენტი. ამასთან ერთად ბატონი ალექსანდრე 200-მდე სიმღერის ავტორია, ისინი ძირითადად ქართულ ენაზეა, აქვს რუსულ ენასა და ივრითზე დაწერილი სიმღერებიც.

© photo: Alexander Peleg / FBალექსანდრე პელეგი
ალექსანდრე პელეგის ცხოვრებისეული „ბილინგვა“ – ხელოვანისა და მეცნიერის ორი სამშობლო - Sputnik საქართველო
ალექსანდრე პელეგი

- ბატონო ალექსანდრე, ჩემი აზრით, საქართველოში თქვენ ალექსანდრე ელიგულაშვილი „დატოვეთ“ და თქვენს ისტორიულ მიწაზე „გაჩნდა“ მეორე ადამიანი - ალექსანდრე პელეგი...

- სწორედ ბრძანეთ, ისრაელში „გაჩნდა“ სხვა ალექსანდრე ელიგულაშვილი, გვარად პელეგი. ამ უკანასკნელმა, გარდა იმისა, რომ გვარი გამოიცვალა, რადიკალურად შეეცვალა ჩვეული, მიზანმიმართული ცხოვრების წესი და მოუხდა შეგუებოდა საქართველოსგან სრულიად განსხვავებულ ახალ გარემოს, კლიმატური და, რაც მთავარია, მენტალური თვალსაზრისითაც. საქართველოში „დარჩა“ ალექსანდრე ელიგულაშვილის სული, მაგრამ თან გამოჰყვა სულიერება და ფასეულობათა მთელი სისტემა, რომელიც საქართველოში 38 წლის ცხოვრების მანძილზე ჩამოუყალიბდა და ვითარდებოდა. ისრაელში მას ფაქტობრივად ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუხდა. არადა, საქართველოში საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა.

© photo: Alexander Peleg / FBალექსანდრე პელეგი საქართველოში
ალექსანდრე პელეგის ცხოვრებისეული „ბილინგვა“ – ხელოვანისა და მეცნიერის ორი სამშობლო - Sputnik საქართველო
ალექსანდრე პელეგი საქართველოში

- პიროვნულად რა განსხვავებაა მათ შორის და რა აერთიანებთ?

- საქართველოში ალექსანდრე ელიგულაშვილი ცხოვრობდა, რათა ემუშავა და მაქსიმალურად დაეკმაყოფილებინა თავისი სულიერი მოთხოვნები, ისრაელში კი ალექსანდრე პელეგი ძირითადად მუშაობს, რათა იცხოვროს და ცდილობს გამონახოს დრო, რომელსაც სულიერებას მოახმარს. ამ ორ ადამიანს აერთიანებს საქართველოს ბუნებისა და ხალხის, ფერების, სურნელების და, რაც მთავარია, ქართული სიმღერის სიყვარული.

- სიმღერის თემას მოგვიანებით შევეხებით, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ახალ, ინფორმატიკის ეპოქას წინ „დახვდით“, საქართველოს სკოლებსა და პროფტექნიკურ სასწავლებლებში ახლად შემოსული საგნის სახელმძღვანელოს ავტორი ხართ.

- დიახ, ეს იყო სრულიად ახალი საგანი „ინფორმატიკა”, რომლის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი გახლდით. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით საქართველოს „პირველი არხით“ სალექციო ტელეკურსიც მიმყავდა. 1990 წელს, ანუ ზუსტად ისრაელში ამოსვლის წელს თანაავტორებთან ერთად მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გავხდი. სხვათა შორის, დღემდე პირველი და ერთადერთი ქართველი ებრაელი ვარ, რომელიც ამ ჯილდოს ფლობს.

© photo: Alexander Peleg / FBალექსანდრე პელეგი
ალექსანდრე პელეგის ცხოვრებისეული „ბილინგვა“ – ხელოვანისა და მეცნიერის ორი სამშობლო - Sputnik საქართველო
ალექსანდრე პელეგი

- საკმაოდ მუსიკალური ადამიანი მათემატიკოსი გახდით...

- მათემატიკოსობა და შემდეგ პროგრამისტობა აბსოლუტურად პრაგმატული თვალსაზრისით ავირჩიე, თორემ ჩემი სული და გული მუსიკას ეკუთვნოდა. სერიოზულად ვფიქრობდი, რომ სწავლა კონსერვატორიაში კომპოზიციის სპეციალობით გამეგრძელებინა.

- ისრაელში რას მღერით და ვინ არის თქვენი პუბლიკა?

- ჩემი პუბლიკა ძირითადად ქართველი ებრაელები არიან. ისრაელში ძირითადად ვმღერი სიმღერებს, რომელთაც აგერ უკვე 15 წელზე მეტია აქტიურად ვწერ. თითქმის 200-მდე სიმღერა მაქვს დაწერილი. ზოგიერთ კონცერტზე ვმღერი გასული საუკუნის ესტრადის საუკეთესო სიმღერებს, ისეთებს, რომლებიც ჩემ ხმას და პროფესიონალურ კრიტერიუმებს ესადაგება.

- ყველაზე ძვირფასი ქართული სიმღერა, რომელსაც დღემდე მღერით...

- ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ქართული სიმღერაა „ჩიტო-გვრიტო“ ჩემი მუსიკალური კერპის ბუბა კიკაბიძის შესრულებით. ამ სიმღერას ყოველთვის ვმღერი, როცა და სადაც კი ამის საშუალება მაქვს ხოლმე.

© photo: Alexander Peleg / FBალექსანდრე პელეგი
ალექსანდრე პელეგის ცხოვრებისეული „ბილინგვა“ – ხელოვანისა და მეცნიერის ორი სამშობლო - Sputnik საქართველო
ალექსანდრე პელეგი

- როგორია ბავშვობა, რომელიც საქართველოსთანაა დაკავშირებული?

- ჩემი ბავშვობა მეტ-ნაკლებად უზრუნველი იყო. ჩვენი ოჯახი არ იყო შეძლებული, თუმცა ბავშვები (მე და ჩემი დები) ამას ვერ ვგრძნობდით. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. ბავშვობა "დატვირთული" მქონდა, 1969 წლამდე სოლოლაკში, 39-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდით. პარალელურად თბილისის პირველ მუსიკალურ სკოლაში და მერე სასწავლებელში ვიოლინოს განხრით. ყველგან ვიოლინოთი დავდიოდი, ფეხბურთის თამაშსაც ვასწრებდი. მაღალ კლასებში საესტრადო ანსამბლი ჩამოვაყალიბე და ყველა ღონისძიებაზე გამოვდიოდით, დავდიოდი კინოებს და თეატრებში, რა თქმა უნდა, შატალოებზეც... ბავშვობის ყველაზე დაუვიწყარი მოგონება სკოლის დამთავრების გამოსაშვები საღამო იყო, როცა რეალურად შევიგრძენი, რომ ბავშვობა დასრულდა...

- გაზაფხულზე გსურთ ადგილობრივ პუბლიკას ლაშა ღლონტი წარუდგინოთ...

- დიახ, მარტის თვის ბოლოს ორი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. ბატონი ლაშას აქ ჩამოყვანა ჩემი ოცნება იყო და მოგახსენებთ რატომაც. პირველი იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა მისი ცოცხლად მოსმენა კონცერტზე, რისი მოხერხებაც არაა ადვილი, ანუ საჭიროა საქართველოში ზუსტად იმ დროს ჩამოსვლა, როცა მას კონცერტი აქვს. ამას გარდა, რამაც მთავარი ბიძგი მისცა ჩემს მცდელობას, ისაა, რომ ლაშა კლასიკური ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია, რომელიც ძლიერ განსხვავდება მათგან, ვინც ისრაელში ჩამოჰყავთ ხოლმე. მე მინდა, რომ აქაურმა პუბლიკამ ეს ნახოს, ეზიაროს მის ხელოვნებას, მოუსმინოს და დატკბეს.

- ალექსანდრე პელეგი - დრამატურგი...

- დიახ, დრამატურგიაშიც მოვსინჯე ძალები და ჩემი პიესის მიხედვით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამოთხეში” 2014 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა სპექტაკლი „შევხვდებით სამოთხეში".

- პროგრამისტის პროფესია იმაში გეხმარებათ, რომ სიმღერის კლიპებს თავად ამონტაჟებთ, დაახლოებით რამდენი ასეთი კლიპია ინტერნეტში?

- რა თქმა უნდა, ჩემი მათემატიკური და პროგრამისტული განათლება იმაში მეხმარება, რომ მაქსიმალურად მისაწვდომი გავხადო ჩემი სასიმღერო შემოქმედება მსმენელისთვის, კერძოდ, კლიპების შექმნაშიც, ასევე საკონცერტო პროგრამების შემუშავებაში და ა.შ. დაახლოებით 80 კლიპი მაქვს შექმნილი. საუკეთესო კლიპად მივიჩნევ კლიპს, რომელიც გავუკეთე ჩემს ყველაზე საყვარელ და სულთან განსაკუთრებულად ახლო სიმღერას „ბილინგვა“, რომელიც 1989 წელს, ისრაელში ამოსვლის წინ დავწერე. ეს სიმღერა ბატონ მორის ფოცხიშვილის ამავე სახელწოდების ლექსზეა.

- როგორია ალექსანდრე პელეგის ოცნება?

- რაზე ვოცნებობ? პირველი და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი მყავდეს ჯანმრთელი და დალხინებული. მეორე, ქვეყანაზე იყოს მშვიდობა. მესამე, ჩემს ორივე სამშობლოს - საქართველოსაც და ისრაელსაც ღმერთმა მტერი დაუმარცხოს და მეოთხე, დიდხანს, დიდხანს არ დასრულებულიყოს ჩვენი ხალხის ძმური და ნათესაური ურთიერთობა, რასაც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ ხელი შევუწყო...

- რაში ხედავთ ცხოვრების აზრს?

-მე არ მჯერა რეინკარნაციის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანმა თავისი ერთადერთი ცხოვრების მანძილზე უნდა მოასწროს რაც შეიძლება მეტი სიკეთე დათესოს და მაქსიმალურად გამოიყენოს ის ნიჭი და უნარები, რითიც გამჩენმა დააჯილდოვა. ამ ნიჭით კი ქვეყანაზე რაიმე ღირებული შექმნას და დატოვოს...

 

ყველა ახალი ამბავი
0