თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში 28-29 თებერვალს გაიმართება დასაქმების მასშტაბური ფესტივალი Expo Job, რომელზეც დამსაქმებლები წარმოადგენენ საკუთარ ბრენდებს და ვაკანსიებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების წინასწარ ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე. ფესტივალზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმების მსურველებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ არა მარტო HR-მენეჯერებს, არამედ თავად კომპანიების დირექტორებს.
ტესტირების ან სხვა დამატებითი დავალების საჭიროების შემთხვევაში გამოიყოფა დამატებითი სივრცე. დასაქმებული ადამიანების ვინაობა ყოველი დღის ბოლოს გამოცხადდება.
დასაქმების ფესტივალთან ერთად ჩატარდება განათლების საერთაშორისო ფორუმი.
გარდა ამისა, ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე. იქნება CV-ს კუთხეც, სადაც მონაწილეებს დაეხმარებიან CV-ს შედგენაში ან კორექტირებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა ადამიანებს, ასევე ყველა დაინტერესებულ კომპანიას. რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 თებერვალია.