თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ჩინეთში, ქალაქ ჰანჯოუში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც დახმარებას ითხოვდა, საქართველოში ხვალ დაბრუნდება, იუწყება პირველი არხი პეკინში საქართველოს ელჩზე დაყრდნობით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს. სამინისტროს განცხადებით, ისინი პეკინის აეროპორტიდან გამოფრინდებიან.
„ისინი პეკინის დროით დღეს საღამოს მოემგზავრებიან საქართველოში და ხვალ იქნებიან თბილისში. დარჩენილია რამდენიმე ავიარეისი, და ისინი ერთ-ერთით ბრუნდებიან სამშობლოში. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვრჩებით მათთან. იქ, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება უპრეცედენტო სანიტარული ზომების მიღება“, – განაცხადა ელჩმა.
ქართველები ფინანსური მიზეზებით ჩინეთის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. გარდა ამისა, ჩინეთში ფრენები ამ დროისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან სულ რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს რეისებს და ბილეთის ფასები საკმაოდ მაღალია.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჯანმომ აღნიშნული დაავადების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო სიტუაციად შეაფასა.
ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას ინფორმაციით, უჰანში მყოფ საქართველოს მოქალაქეები, თავს კარგად გრძნობენ. უჰანში საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა არ არის.
გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც პირველმა გააფრთხილა მსოფლიო კორონავირუსის შესახებ >>
ჩინეთის სახმელეთო ნაწილზე კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 722-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 34,5 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა და გაეწერა 2050 ადამიანი.