თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა ექვსი სპეციალიზებული „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი“ გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა სამაშველო ტექნიკა ქართულ მხარეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადასცა.
„ახალი ავტომობილების ნაწილი გადაეცემა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს, ერთი მანქანა - აჭარაში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას და ერთიც - სვანეთში, მესტიის განყოფილებას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ავტომანქანების გადაცემის ცერემონია სწრაფი რეაგირების ბაზაზე გაიმართა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით სუხიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს, მაიორ კვინტინ დოლს უმასპინძლა.
ავტომანქანები გათვლილია რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის და მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამსახურის მუშაობას და ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს, რთულად მისადგომ ადგილებში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან აქტიურად თანამშრომლობს, როგორც პირადი შემადგენლობის შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განვითარების მიმართულებით, აღნიშნავენ უწყებაში.