თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, ასეთი კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით.
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კიდევ ორმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივას საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა შეეცდება აშშ-ის მოქალაქეების მიმართ აირიდოს ვალდებულებების ან კონტრაქტების შესრულება.
„ჩემი აზრით, „სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა“ – არ არის სწორი ნათქვამი, რადგან არც დამდგარა სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში. როგორც ვიცი, არის რამდენიმე კონგრესმენის ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კონგრესმენების მიერ წერილებში გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძვლოა.
იანვარში საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის კონგრესმენებისგან რამდენიმე წერილი მიიღო, რომლებშიც მითითებული იყო, რომ ბოლო სამ ათწლეულში ქვეყნის მიერ ნაჩვენები პერსპექტივების მიუხედავად ბოლო დროის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები საქართველოს იმიჯზე აშშ-ში ნეგატიურად აისახება.