რეიტინგების და წერილების ომი ქართულ პოლიტიკაში

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი, დაიწყებს თუ არა პარლამენტი მუშაობას საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. აშშ-დან კონგრესმენთა და სენატორთა ვრცელი წერილების ფონზე ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, თუმცა არა – პროპორციული არჩევნების დაშვებაზე.

სამწუხაროდ, ოპოზიციაც ისეთი ჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას, ვერც პროპორციული არჩევნები უშველის და ვერც მაჟორიტარული. სულ რაღაც 8 თვე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე და ჯერჯერობით არც გამოკვეთილი ლიდერი ჩანს, არც საარჩევნო პროგრამა და არც რეგიონებში სიარულით იკლავს ვინმე თავს გარდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძისა. და მერე უკვირთ NDI-ს შედეგები...

პოლიტიკოსისთვის მთავარი ხალხთან პირდაპირი და უშუალო კომუნიკაციაა. ადამიანებს უყვართ, როცა სატელევიზიო სახეები ხელს ართმევენ, უსმენენ და მიწაზე ეშვებიან ხოლმე. ჰოდა, ქართულ პოლიტიკაში ეს ამბავი სულ რამდენიმე კაცმა გააცნობიერა და მათ რეიტინგიც აქვთ.

დანარჩენი ოპოზიცია, ეტყობა, ელოდება, როდის მოართმევენ ლანგრით ხელისუფლებას ამერიკელი და გერმანელი პოლიტიკოსები... სხვათა შორის, 2012 წელს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ფინანსურ რესურსთან ერთად უზარმაზარი ენერგია და ადამიანური რესურსი ჩადეს გამარჯვებაში. არჩევნებს მხოლოდ ვაკეში და „მთავარ არხზე" სიარულით ვერ მოიგებ.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
მალე ახალი მთავრობა გვეყოლება?

რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კიდევ ერთ კონსულტაციას, ის ამ დღეებში შედგება საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ხელისუფლების „მოლაპარაკე თავებს“ – თალაკვაძეს, კობახიძეს, წულუკიანს, როგორც ჩანს, მკაფიო პოზიცია და დავალება აქვთ, რომ წავიდნენ მხოლოდ მაჟორიტარების 50-მდე შემცირებაზე. ესაა მაქსიმუმი, რასაც ხელისუფლება დათმობს და ამ სქემით „ქართული ოცნება“ ნამდვილად მოიპოვებს უმრავლესობას. იმას ხომ არავინ ხდის საეჭვოდ, რომ ბევრი პრეტენზიის მიუხედავად მმართველი პარტია მაინც პირველია რეიტინგებში.

სულ მალე უნდა გახდეს ცნობილი ისიც, თუ რა დასკვნას დადებს ეუთო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტზე, რომელიც არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით და მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარებას გულისხმობს.

ცნობილი კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ თუ მაგიდასთან შეთანხმება არ შედგა, ისე ქუჩის აქციებს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია მაინც აანონსებს, რომ საპროტესტო აქციები 4 თებერვლიდან განახლდება, ანუ როგორც კი პარლამენტი მუშაობას შეუდგება.

თბილისი, ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
სასიხარულო ამბები ავტომანქანების მფლობელთათვის – რეგულაციების ნაწილი გადაიდო

ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ აშშ-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს დაიბარებენ და გასაგებად აუხსნიან, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის არსებობა.

თუმცა დასავლეთი, სავარაუდოდ, უფრო ოპოზიციის გაძლიერებასა და არასამთავრობო სექტორის მეტ დაფინანსებაზე იქნება ორიენტირებული, რადგან ხელისუფლებასთან მათ სიტუაცია მეტ-ნაკლებად გარკვეული აქვთ.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ჩამოსვლა იქნება. ის თებერვლიდან შეუდგება მუშაობას და, როგორც ჩანს, ბევრ რამეს ახლებურადაც დაალაგებს.

პარალელურად აქტიური საარჩევნო მზადება მიდის „ქართულ ოცნებაში“. საგარეო ფრონტზე მალე კიდევ ახალი ფიგურების გამოყვანა გახდება საჭირო როგორც ვაშინგტონის, ასევე ბრიუსელის დასარწმუნებლად, რომ „ქართული ოცნება“ იმსახურებს საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას. თუ პარალელურად რაიმე გარღვევა მოხდება ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, რისი ნაკლები იმედიცაა, ესეც მნიშვნელოვნად დაეხმარება „ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში.

საახალწლოდ მორთული თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს - არჩევნები, ვიზიტები და ევროპული პერსპექტივა

საზოგადოება კი ძირითადად ელოდება მესიჯებს პარტიებისგან, თუ როგორ აპირებენ გაძვირებული ცხოვრებისა და გართულებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.

ვინაიდან სარწმუნო თუ ნაკლებ სარწმუნო კვლევებით აშკარაა, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია რომელ პარტიას მისცეს ხმა, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი, კარგი მუშაობის შემთხვევაში შედეგი აჩვენოს.

ექსპერტები 2020 წელს მაინც კოალიციურ მთავრობას ელოდებიან, მაგრამ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მთავარი მაინც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სოციალური მდგომარეობის გამოსწორება იქნება. არჩევნებამდე და მას შემდეგ კი ბევრი საინტერესო მოვლენაა მოსალოდნელი. 2020 წელი ყველაზე დაძაბული იქნება საქართველოსთვის და არა მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში. იმედია, არჩევნებში გაიმარჯვებს საქართველო და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0