თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. დუშეთის რაიონში შუახნის ქალი მგელმა დაკბინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ინციდენტი გუშინ მოხდა - ქალს, რომელიც საკუთარ სახლთან ნახირიდან დაბრუნებულ საქონელს ელოდებოდა, მგელი დაესხა თავს.
დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანებბები სახესა და ზედა კიდურებზე ჰქონდა მიყენებული.
„მძიმე დაზიანებები იყო. სახეზე ჰქონდა მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობა. ორივე ხელი ჰქონდა მძიმედ დაზიანებული და ზურგზეც ჰქონდა მრავალი ნაკბენი. სპეციალური ბრიგადის მიერ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა. სახის დაზიანებები პლასტიკური ქირურგის მიერ იქნა აღდგენილი. ხელის აღდგენა მოხერხდა ყველა სტრუქტურის აღდგენით, თუმცა შესაძლოა, მოჰყვეს გართულებები, რადგან მგელის ნაკბენით მიყენებული ჭრილობები რთულად ხორცდება", – განაცხადა ექიმმა ირაკლი ფერაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. „პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა გამგეობამ უნდა გადააგზავნოს.