თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით ახალგაზრდა ჩინელი მამაკაცი შეიყვანეს, რომელმაც პეკინი 27 იანვარს დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის დედაქალაქის დატოვების შემდეგ მამაკაცი ორი დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ ყაზახეთიდან შემოვიდა საქართველოში. იმყოფებოდა გუდაურში, ბაკურიანში და 4 რიცხვში აღენიშნა ტემპერატურის მომატება - 38-ზე მეტი. მას ასევე ჰქონდა ხველა, თავის ტკივილები, ზოგადი სისუსტე.
„მან მიმართა საელჩოს და ონლაინ, ჩინელ ექიმებთან იტარებდა კონსულტაციებს, რომლებმაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და კიდევ რაღაც მედიკამენტი, რომელსაც ჩინურად აქვს წარწერები, ჯერ არ ვიცით, რა არის. მისი მდგომარეობა გაუარესდა 4 რიცხვის შემდეგ, აღარ დაკმაყოფილდა ონლაინ კონსულტაციით და შემოვიდა ჩვენთან. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა პრინციპში დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აქვს ჩივილები – ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე. ტემპერატურა ამჟამად 37.5 აქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, არის ალბათობა, რომ პაციენტი ინფიცირებული იყოს ახალი ტიპის კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი კლინიკური ნიშნები არ არსებობს.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
„აქამდე ვინც პაციენტები შემოსულან, იმათ არც პლევმონია ჰქონდათ, არც ჩვენთან მოსვლის შემდეგ ტემპერატურის მატება, არც ხველა, არც სხვა რაიმე კლინიკური გამოვლინებები და მათი ერთადერთი რისკის ფაქტორი იყო, რომ ისინი ჩამოსულები იყვნენ ჩინეთიდან“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაღუპულთა რაოდენობამ ჩინეთში 563 კაცი შეადგინა, ინფიცირებულია 28 018 ადამიანი, აქედან 3 859 მძიმე მდგომარეობაშია, 1 153 პაციენტი გაწერილია საავადმყოფოებიდან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 190 ადამიანი, რომელთაგან გარდაიცვალა ერთი.
მედიკოსების ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია მშრალი ხველება, გართულებული სუნთქვა, მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და სისუსტე. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში ავადმყოფობა პნევმონიის გარეშე მიმდინარეობს და ახლავს მშრალი ხველება და ტემპერატურის მცირედ მატება.
ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.