თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიდან ქვეყანაში სამი დღის წინ დაბრუნდა, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა ინფექციურ საავადმყოფოს რამდენიმე საათის წინ თავად მიმართა, მას დაბალი ტემპერატურა და რამდენიმე დღის განმავლობაში ხველა აღენიშნებოდა.
ამჟამად ქალი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და გამოკვლევები უტარდება. პასუხი, არის თუ არა პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული, ხვალ გახდება ცნობილი. ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში გამოიკვლევენ.
„ახალგაზრდა ქალბატონი ახლახანს შემოიყვანეს. აქვს დაბალი ტემპერატურა – 37,1. მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ არის ცნობები მსოფლიოში, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ დაბალი ტემპერატურით მიდის, ამიტომ ჩვენთან გაძლიერებული ყურადღებაა და ყველა პაციენტს, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურის მატება, ხველა და იყო ჩინეთში, მაინც ვიკვლევთ", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ეს არის მეათე შემთხვევა, როცა გავრცელებული ვირუსის დადგენის მიზნით გამოკვლევა ტარდება. ცერცვაძის განმარტებით, ცხრა შემთხვევაში არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა და ყველა მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაღუპულთა რაოდენობამ ჩინეთში 563 კაცი შეადგინა, ინფიცირებულია 28 018 ადამიანი, აქედან 3 859 მძიმე მდგომარეობაშია, 1 153 პაციენტი გაწერილია საავადმყოფოებიდან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 190 ადამიანი, რომელთაგან გარდაიცვალა ერთი.
მედიკოსების ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია მშრალი ხველება, გართულებული სუნთქვა, მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და სისუსტე. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში ავადმყოფობა პნევმონიის გარეშე მიმდინარეობს და ახლავს მშრალი ხველება და ტემპერატურის მცირედ მატება.
ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.