კვირა დილა გათენდა. ზანტად წამოვჯექი, ჩემი ტაბარდი გადავიცვი და გვერდზე მიგდებულ ფარს გადავწვდი. მერე კიდევ ნაჯახს დავუწყე ძებნა. ცოტა ხანში ჩემი დაჯგუფების წევრებს შევუერთდი და ქორების ტყისკენ გავემართეთ, სადაც მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე პარტიზანული ომი უნდა წამოგვეწყო ჩვენი თანამოაზრეების დასახმარებლად.
გაგიკვირდებათ და ნამდვილ ამბავს ვყვები. ეს ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ კვირა დღეს მოხდა, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად ლისზე „ლარპის“ სათამაშოდ შევიკრიბეთ.
არ ვიცი გსმენიათ თუ არა, მაგრამ მაინც შევეცდები აგიხსნათ, თუ რა არის ლარპი (LARP). ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც Live Action Roleplay, ანუ როლური თამაში ნამდვილ, ცოცხალ სამყაროში.
ლარპი კონტაქტური როლური თამაშია. მოქმედება მოთამაშეების მიერ შექმნილ წარმოსახვით სამყაროში მიმდინარეობს, სადაც ისინი თავისივე შემუშავებული პერსონაჟების როლებს ირგებენ და აცოცხლებენ. ეს დაახლოებით იმ ტიპის გასართობია, პატარა ბავშვები ხის ჯოხებს წარმოსახვით იარაღებად რომ წარმოიდგენენ და ომობანას თამაშობენ ხოლმე. თუმცა ლარპის მაშტაბები ბევრად უფრო დიდი და სერიოზულია.
ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები შაბათ-კვირას ბუცებს ამოიცმევენ და მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ გადიან, ლარპის მოყვარულებიც აისხამენ აბჯარს და უქმე დღეებზე წინასწარ დათქმულ ადგილზე იკრიბებიან შუა საუკუნეების სამყაროს გასაცოცხლებლად.
ამ თამაშში სამყარო ძირითადად ომებზეა აგებული, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ შერჩევა საბრძოლო იარაღისა და აღჭურვილობის. მოთამაშეები ბუტაფორიულ ხმლებს, ნაჯახებსა თუ სხვა სახის იარაღებს რბილი ღრუბლისგან ამზადებენ, რომ დარტყმისას მწარე არ იყოს. აღჭურვილობასთან ერთად ჩაცმულობაც მკაცრად კონტროლდება, იგი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ნორმებს.
აკრძალულია თანამედროვე სტილის წარწერებიანი ტანსაცმელი ან რაიმე მსგავსი. თუმცა რითი შეიმოსები, ეს ძირითადად შენი გადასაწყვეტია, მთავარია შენი ფორმა შუა საუკუნეების სტილში ჯდებოდეს. დანარჩენი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ერგება შენი ტანისამოსი შენს პერსონაჟს. მაგალითად, ჩემი პერსონაჟის დაჯგუფების ყველა წევრი ნაჭრის ტაბარდით იმოსებოდა და ყველანაირი აბჯრის გარეშე იბრძოდა, რადგან ჩვენ უბრალო ღარიბი მონების როლები მოვირგეთ, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ თავისუფლების საძიებლად.
თამაშის ისტორიასაც მოთამაშეები თვითონვე წერენ, ისინი ქმნიან სხვადასხვა მცირე დაჯგუფებებს, ორდენებს, ქვეყნებსა თუ იმპერიებს და ერთმანეთს აქტიურად უპირისპირდებიან. ყოველი დაპირისპირების შემდეგ ლარპის ისტორიას ახალი თავი ემატება. დაპირისპირება კი მრავალი მიზეზით ხდება ხოლმე – იქნება ეს ტერიტორიებისთვის, ფულისთვის და ძალაუფლებისთვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისთვისაც კი.
ლარპი, როგორც კულტურული ფენომენი, 70-იან წლებში ერთდროულად გამოჩნდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. თავიდან ეს თამაში ხშირად იყო სოციალური ბულინგის მსხვერპლი, თუმცა მაინც მალევე მოიპოვა საზოგადოებაში პოპულარობა. დღეს მსოფლიოში ლარპის უამრავი კლუბი არსებობს, თითოეულ მათგანში კი ასობით და ათასობით მოთამაშეა გაერთიანებული. ხშირად ტარდება საერთაშორისო ღონისძიებები, რომელზე დასასწრებადაც ადამიანები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან იყრიან თავს. ასეთი ღონისძიებები მთელი კვირაც კი გრძელდება ხოლმე.
მართალია, ძალიან გვიან, მაგრამ ლარპის კულტურა საქართველომდეც მოვიდა. აქ 2015 წელს დაფუძნდა საქართველოს ლარპის ფედერაცია, რომელიც ღონისძიებებს თბილისის მაშტაბით დღემდე რეგულარულად ატრებს. საქართველოში თამაშების გასამართად საწყის ლოკაციად ძველი იპოდრომის ტერიტორია იყო შერჩეული, თუმცა ხალხის მატებასთან ერთად თამაშმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. მოთამაშეებმა იქვე დააარსეს წარმოსახვითი ქალაქი სახელად ლისბურგი, სადაც ძირითადი მოქმედებები ხდება ხოლმე. მის გარშემო კი დაფუძნდნენ სხვადასხვა გილდიები და დაჯგუფებები, ააშენეს ციხე-სიმაგრეები, გადაინაწილეს ტერიტორიები და ერთმანეთს „სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ“.
წლებთან ერთად თამაში საქართველოშიც საგრძნობლად განვითარდა და საბოლოოდ „ლიმბოს“ სახელით დამკვიდრდა, დღევანდელი სახით წარმოდგენილი ეს თამაში კლასიკური ლარპისგან ბევრი რამით განსხვავდება და, შეიძლება ითქვას, ქართველებმა თავისი მიმდინარეობა შექმნეს ამ თამაშში. თამაშის უნიკალურობამ უფრო მეტი მოთამაშე მიიზიდა, დაინტერესდნენ სხვადასხვა ტელევიზიები და ნელ-ნელა ამ უბრალო თამაშმა სუბკულტურის სახეც მიიღო. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართველ ახალგაზრდებს ყოველდღიური რუტინა უკვე დიდი ხანია მობეზრდათ.
როგორც ლარპის მოყვარულები ამბობენ, ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა ჩვენს თავებში. ჩემ გარშემო არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია, თუ როგორი იყო შუა საუკუნეების ყოველდღიურობა, ან არ უოცნებია რაინდობაზე, იმპერატორობაზე ან, თუნდაც, ჯადოქრობაზე.
სანამ ჩვეულებრივი ადამიანები ასეთ ფანტაზიებს ფილმების, წიგნების ან კომპიუტერული თამაშების დახმარებით აცოცხლებენ, ლარპის მოთამაშეები ამ ყველაფრით ცხოვრობენ, ეს თამაში საშუალებაა – აისრულოთ თქვენი ყველაზე ღრმა და საინტერესო სურვილები. ამიტომ გირჩევთ თვეში ერთი თავისუფალი დღე თქვენც გამოყოთ, ეწვიოთ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას შესაბამისი აღჭურვილობით და ჩაერთოთ შუა საუკუნეების ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებაში.