ლატარიაში „მოგებული“ ცხოვრება, ბრუკლინში გამართული პრეზენტაცია და იუმორი ამერიკულად

© photo: courtesy of Rusudan Tchubabriaრუსუდან ჭუბაბრია
რუსუდან ჭუბაბრია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მწერალ ქალბატონს რუსუდან ჭუბაბრიას გაგაცნობთ.

თბილისში დაბადებულ-გაზრდილი და ამ ქალაქზე შეყვარებული, თავის დროზე ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც ლატარიაში „ამერიკულ ოცნებას“ მოიგებდა და ცხრა მთას იქით, უცხო ქვეყანაში დასახლდებოდა.

სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის განყოფილების დამთავრების შემდეგ სტუდენტებს თანამედროვე სომხურ ენასა და ლიტერატურის ისტორიას ასწავლიდა. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. სხვათა შორის, მის მიერ თარგმნილი სომხური წერილობითი წყაროები სამეცნიერო წრეებისთვის მანამდე უცნობი იყო.

ამერიკაში ჩასვლის მერე ცხოვრებისეული ამბები, განცდილი და ნააზრევი, როგორც თავად ამბობს, ხუთ წიგნში „გამოამწყვდია“. მათში საკუთარი პროზა, პოეზია და პოეტურ-პროზაული თარგმანებია შესული. არც ისე დიდი ხნის წინ მისი წიგნების პრეზენტაცია ბრუკლინის ქართულ კულტურულ ცენტრში შედგა. ქალბატონი რუსუდანი ურთიერთობაში უშუალო და პოზიტიური ადამიანია, ამიტომ მასთან საუბარიც საინტერესო და სასიამოვნო გამოვიდა.

© photo: courtesy of Rusudan Tchubabriaრუსუდან ჭუბაბრია
ლატარიაში „მოგებული“ ცხოვრება, ბრუკლინში გამართული პრეზენტაცია და იუმორი ამერიკულად - Sputnik საქართველო
რუსუდან ჭუბაბრია

- ქალბატონო რუსუდან, როგორც წესი, ყველა ემიგრანტის ცხოვრების ამბავი საქართველოში დარჩენილი ბავშვობიდან იწყება...

- დავიბადე თბილისში, სადაც 1981 წელს დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა. საოცარი ბავშვობა მქონდა და მის ფასს თავიდანვე ვგრძნობდი. გაზრდა არაფრით მინდოდა. დღემდე უზომოდ მიყვარს ჩემი კლასი. ქედს ვიხრი ჩემი კლასის დამრიგებლის ცისანა მაღალაშვილის, პედაგოგების რუსიკო გირკელიძის, ნორა ტარიელაშვილისა და კაპიტონ ახვლედიანის წინაშე. როცა, უკვე სტუდენტი, სკოლაში ადიხარ და ცრემლები გახრჩობს, როცა 30 წლის შემდეგ ამერიკიდან მასწავლებელს საკუთარი სურვილით წერილს უგზავნი და ამ წერილის წერის დროს ცრემლები ღვარად გდის, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ისინი ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანობას გვასწავლიდნენ და მეგობრებივით გვედგნენ გვერდში. რა თქმა უნდა, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან და ჩვენი ოჯახიდან მოვდივართ, მაგრამ ხანდახან ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ იქიდან არც გამოვსულვარ, რაღაცნაირად „დავბუქსავდი“ და იქვე ჩავრჩი, რამდენადაც ამის შესაძლებლობა მომცა ცხოვრებამ...

© photo: courtesy of Rusudan Tchubabriaრუსუდან ჭუბაბრია
ლატარიაში „მოგებული“ ცხოვრება, ბრუკლინში გამართული პრეზენტაცია და იუმორი ამერიკულად - Sputnik საქართველო
რუსუდან ჭუბაბრია

- უნივერსიტეტში სომხური ენის შესწავლა გადაწყვიტეთ, პრინციპში, თბილისში გაზრდილი ადამიანისთვის ეს ენა უცხო არ არის, მაგრამ მაინც, რატომ გადაწყვიტეთ?

- სკოლის დამთავრების მერე თურქულზე ჩავაბარე, მაგრამ ბატონმა ზაზა ალექსიძემ სომხურზე გადასვლა შემომთავაზა, რასაც უყოყმანოდ დავთანხმდი და ეს ნაბიჯი არასდროს მინანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის განყოფილებაზე ვსწავლობდი. არაჩვეულებრივი კათედრა გვქონდა, უნივერსიტეტში 2001 წლამდე დავრჩი. იქ თანამედროვე სომხურ ენას და ლიტერატურის ისტორიას ვასწავლიდი. თარგმნა თავიდანვე ძალიან მიყვარდა. ამ ორი უძველესი ქვეყნის ურთიერთობათა საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო საკვლევი მასალა არსებობდა. ჩემ მიერ თარგმნილ სომხურ წერილობით წყაროებს სამეცნიერო წრე მანამდე არ იცნობდა. საოცარი გრძნობაა, როცა თვითმხილველთა ნაწერს კითხულობ და საუკუნეებს მიღმა მომხდარი შენს ხელში ცოცხლდება, თავისი ფერებითა და ემოციებით გატყვევებს.

© photo: courtesy of Rusudan Tchubabriaრუსუდან ჭუბაბრია კლასელებთან ერთად
ლატარიაში „მოგებული“ ცხოვრება, ბრუკლინში გამართული პრეზენტაცია და იუმორი ამერიკულად - Sputnik საქართველო
რუსუდან ჭუბაბრია კლასელებთან ერთად

- თქვენი სადისერტაციო ნაშრომი რა თემაზე იყო და რომელი სომეხი პოეტების ლექსები გაქვთ ნათარგმნი?

- ჩემი სადისერტაციო ნაშრომი აღა მაჰმად ხანის 1795 წლის თბილისში შემოჭრასთან დაკავშირებულ 13 სომხური წერილობითი წყაროს თარგმანს ეხებოდა. ჩემი პირველი პოეტური თარგმანები კი უკავშირდება სომეხ პოეტს გევორგ ემინს, რომლის წიგნიც, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბებიაჩემის წიგნის თაროდან შემთხვევით ჩამოსრიალდა და პირდაპირ ხელში ჩამივარდა. პოეტური თარგმანების გაკეთება ამ დროიდან (უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ) ჩემი მეგობრის ნანა ფრიდონაშვილ-ბარნაველის  წახალისებით დავიწყე.

- ამერიკის მწვანე ბარათმა თქვენ ცხოვრებაში ახალ ეტაპს „აუნთო მწვანე“, ამის მერე როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- ამერიკაში ოჯახით გადმოვსახლდით. აქ წამოსვლაზე არასდროს მიფიქრია, არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებდა, უბრალოდ ძალიან შორს იყო, თან იმ დროისთვის სრულიად ხელმიუწვდომი და არარეალური ჩანდა აქ მოხვედრა. არც „მწვანე ბარათის“ მიღების შესაძლებლობა დამიშვია. ერთ დღეს გავგზავნეთ საბუთები და დავივიწყეთ. 2001 წელს მწვანე ბარათი მოვიგეთ. პირველი შეტყობინებისას მთლად კარგად ვერც გავიაზრეთ, რა მოხდა. პირველი რეაქცია გაოგნება იყო და გულს გამკრთალი შიშშეპარული ფორიაქი, რომ უნდა დაგვეტოვებინა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ახლობლები, უერთმანეთოდ გატარებული წლების ამოვსებას კი ვეღარასდროს მოვახერხებდით. სრულიად უცნობი ქვეყნის წინაშე ვიდექით, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგაზრდობა ბევრ რამეს გადაგაწყვეტინებს. რისკის ფაქტორიც ამ ასაკში შედარებით იოლი გასამკლავებელია და მას გარკვეულწილად ხალისიც ახლავს.

© photo: courtesy of Rusudan Tchubabriaქართული კულტურული ცენტრის მიერ მოწყობილი კონცერტის დროს
ლატარიაში „მოგებული“ ცხოვრება, ბრუკლინში გამართული პრეზენტაცია და იუმორი ამერიკულად - Sputnik საქართველო
ქართული კულტურული ცენტრის მიერ მოწყობილი კონცერტის დროს

- ამერიკაში წერა დაიწყეთ და თარგმანებს მიუბრუნდით...

- ემიგრაციაში არსებული სიუცხოვის და სულიერი საზრდოს ძიების გზაზე წერა და თარგმანის გაკეთება ჩემთვის ძალიან დიდი დასაყრდები და თავშესაფარი აღმოჩნდა. ცხოვრებაში გადატანილი ამდენი ემოციის და ნაშრომის ბედის ანაბარად მიტოვება დამენანა, ამიტომ ისინი ხუთ წიგნში „გამოვამწყვდიე“. ამ წიგნებში ჩემი პროზა და პოეზია, ასევე პოეტურ-პროზაული თარგმანებიცაა. ჩემი მოთხრობები, ლექსები და თარგმანები მკითხველს ცრემლს ჰგვრის, აფორიაქებს, მუხტავს. სწორედ ამ ცრემლის გამო ღირს წერაც და, საერთოდ, ცხოვრებაც. ცრემლი ხომ ყოველთვის გულწრფელია. ესე იგი, მოქმედებს, გულიდან ამოხეთქილი ემოცია კი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

- თქვენი წიგნების პრეზენტაცია ბრუკლინის ქართულ კულტურულ ცენტრში შედგა, ვინ გაგიწიათ დახმარება?

- მისი ორგანიზება ამერიკაში მცხოვრებმა ჩემმა ქართველმა მეგობრებმა ითავეს, ოჯახიც გვერდით მედგა. ჩემმა მეგობრებმა დააფინანსეს ჩემი მეოთხე წიგნი „ყვითელი ფოთლები“, რომელიც მალე „ბიბლუსის“ ქსელში შევა და მეხუთე წიგნი „ნამსხვრევები“, რომელსაც დაინტერესებული მკითხველი 3-4 თვეში იხილავს. მეგობრებს ჩემს ცხოვრებაში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ცუცა კაპანაძეს გულისხმიერების, კეთილგანწყობისა და მხარში დგომისთვის. არ ვიცი, რამდენად დააინტერესებთ ამერიკელებს ჩემი პროზა და პოეზია, მაგრამ, აი, ნინი ბარნაველისა და ჩემი ერთობლივი ნამუშევარი „ჰეი სანჩაკულია, ჰეი ნინი“, ვფიქრობ, ამერიკელი ბავშვებისთვის ხალისით და ამავე დროს დაფიქრებით წასაკითხი იქნება. ვნახოთ, ის უკვე ვთარგმნეთ ინგლისურად.

© photo: courtesy of Rusudan Tchubabriaრუსუდან ჭუბაბრია თავის შემოქმედებით საღამოზე მეგობრებთან ერთად
ლატარიაში „მოგებული“ ცხოვრება, ბრუკლინში გამართული პრეზენტაცია და იუმორი ამერიკულად - Sputnik საქართველო
რუსუდან ჭუბაბრია თავის შემოქმედებით საღამოზე მეგობრებთან ერთად

- რა აერთიანებს თქვენს ხუთ წიგნს?

- ზუსტად შემიძლია თქმა – სიყვარული... ამ გრძნობაზე ისე ვარ დახვეული, როგორც მახრჩობელა ცხელი წყლის მილზე. სიყვარული ყოვლისმომცველი გრძნობაა, რომელიც ჩვენ საოცარ გარდაქმნას ახერხებს. თავისთავად სულში სიყვარულის არსებობაა სასწაული, მიუხედავად იმისა, გაზიარებულია იგი თუ არა.

- ამერიკულ იუმორზე რას იტყვით, „ერთხელ ამერიკაში“ ციკლიდან რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- იუმორი სრულიად შეუდარებლი და აუწონავი ნიჭია, ცხოვრებას რომ გიხალისებს, ყველა ტკივილს რაღაცნაირად გიამებს, შვებას გგვრის. სიმართლე გითხრათ, აქაური იუმორი მაინცდამაინც არ მესმის, იქნებ იმის გამოც, რომ ენას სრულყოფილად არ ვფლობ. იუმორის ხიბლს მარტო გონებით ვერ ჩაწვდები, ბევრი სხვა ნიუანსია, რომლის გაგება ყველაზე უკეთ მშობლიურ ენაზე გამოდის. რაც შეეხება სახალისო ამბავს, რასაც ახლა გიამბობთ, ჩემს მაკვარანცხ ხასიათს უფრო უკავშირდება. ერთხელ ამერიკაში ცუდი დიაგზონი დამისვეს და კლინიკაში ქიმიის კურსს ვიტარებდი. ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ სახელს, გვარს და დაბადების თარიღს მეკითხებოდნენ. ბოლოს ისე მომბეზრდა ყველაფერი, რომ მორიგი „დაკითხვის“ დროს გამოვუცხადე: არც ჩემი სახელი მახსოვს, არც გვარი და არც დაბადების თარიღი–მეთქი. უნდა შეგეხედათ მათი სახეებისთვის – აქეთ-იქით სირბილი დაიწყეს, პანიკაში ჩავარდნილები უკან ძლივს დავაბრუნე. თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. როცა მიხვდნენ, რომ ვხუმრობდი, მათაც იცინეს.

© photo: courtesy of Rusudan Tchubabriaრუსუდან ჭუბაბრია
ლატარიაში „მოგებული“ ცხოვრება, ბრუკლინში გამართული პრეზენტაცია და იუმორი ამერიკულად - Sputnik საქართველო
რუსუდან ჭუბაბრია

- რომელ ქართული წესსა და ჩვევაზე „ვერ გათქმევინათ“ უარი ამერიკამ?

- ამერიკამ ძალიან გამიმძაფრა ქართველობის შეგრძნება, ძვალსა და სისხლში გამჯდარი ტრადიციების გავლენა აქ სულ სხვაგვარად იგრძნობა და განსაკუთრებულ სიამეს მგვრის. ჩვენს სახლში შემოსულ არაერთ სტუმარს გაოცებულს უთქვამს, რომ აქ თავს გრძნობს როგორც საქართველოში, რაც ძალიან მახარებს. აქაც ქართულად მიყვარს და ქართულად მენატრება... სხვაგვარად არ ვიცი, ესეც ტრადიციასავითაა სულში გამჯდარი. ჩემს აქაურ ბიბლიოთეკას ბევრი ქართული წიგნი ამშვენებს. მშობლები და მეგობრები ხშირად მიგზავნიან, თუ რამე საინტერესოს ნახავენ. როცა ქართულ ტელეგადაცემებს ვუსმენ, ძალიან ბევრ რამეს ვიხსენებ. ეს მოგონებები კი ჩემს წარმოსახვას დიდ საზრდოს აძლევს და სულში მზეს მიგორებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0