თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. 2019 წელს საქართველოში ტრანსპორტის ყველა საშუალებით 42,3 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 2,9%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე.
საზღვაო ტრანსპორტით გასულ წელს 17,2 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 13,9%-ით მეტია. ფოთის პორტში 8,6 მლნ ტონა ტვირთი (+36,4%) გადამუშავდა, ბათუმის პორტში – 3,2 მლნ ტონა (–13,5%).
ყულევის საზღვაო ტერმინალიდან გაიგზავნა 1,6 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები (+14,3%), სუფსის ტერმინალიდან გავიდა 3,7 მლნ ტონა ნავთობი, რაც 2018 წლის დონეს შეესაბამება.
2019 წელს საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 31,4 მლნ ტონა შეადგინა, რაც 1%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით.
რკინიგზით 10,9 მლნ ტონა ტვირთის (+1,1%) გადაზიდვა მოხდა, საჰაერო გზით გადაიზიდა 24,9 ათასი ტონა (–2,3%).
2019 წლის განმავლობაში საქართველოში ტრანსპორტის ყველა სახეობით 412,2 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2,7%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით. მათ შორის, საავტომობილო ტრანსპორტით გადაიყვანეს 404 მლნ მგზავრი (+2,7%), რკინიგზით – 3 მლნ (+7,1%), საჰაერო გზით – 5,2 მლნ (+4%).