სავალდებულო მუსიკალური განათლება? -„თქვენ რომ ჩემი მუსიკის მასწავლებელი ყოფილიყავით...“

© photo: courtesy of Goderdzi Chitaishviliგოდერძი ჩიტაიშვილი
გოდერძი ჩიტაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ არ უყვართ ბავშვებს მუსიკაზე სიარული? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მუსიკის მასწავლებელი არ ჰყავთ კარგი. ჩვენმა რესპონდენტმა ეს მოსაზრება საკუთარი ცხოვრების მაგალითზე დაამტკიცა.

გოდერძი ჩიტაიშვილი პროფესიონალი პედაგოგია უმაღლესი მუსიკალური განათლებით. სადაც კი უმუშავია, მის ლექციებს და გაკვეთილებს იშვიათად აცდენდნენ. თბილისის კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის დამთავრების დღიდან პედაგოგიურ საქმიანობას  ეწევა. სხვადასხვა პერიოდში იყო: სამუსიკო სტუდიების გამგე, ესთეტიკური აღზრდის მეთოდისტი, პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრის მასწავლებელთა სახლის დირექტორი, კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს კლასიკური მუსიკის განყოფილებას, რომელიც ათი წელია არსებობს. საუკეთესო საშუალება, რომ პედაგოგზე აზრი შეგექმნას, მისი მოსწავლეა. ამიტომ მასთან ინტერვიუმდე, მოდი, სოციალურ ქსელებში მისი მოსწავლის, შორენა კოჭლამაზაშვილის გამოქვეყნებული წერილიდან ამონარიდებს გავეცნოთ.

© photo: courtesy of Goderdzi Chitaishviliგოდერძი ჩიტაიშვილი
სავალდებულო მუსიკალური განათლება? -„თქვენ რომ ჩემი მუსიკის მასწავლებელი ყოფილიყავით...“ - Sputnik საქართველო
გოდერძი ჩიტაიშვილი

„სტუდენტობისას მთელ უნივერსიტეტში ყველაზე მეტად ე. წ. „წითელი დარბაზი" მიყვარდა. იქ ყველაფერი წითელი იყო - სავარძლები, ფარდები, როიალის გადასაფარებელი, ხალიჩები. წითელი ჩემი ყველაზე საყვარელი ფერია და ამ ჩემს წითელ მუსიკალურ სამყაროში სხვაგვარი ადამიანები დადიოდნენ... ჩვენ ვუსმენდით ერთმანეთის რეპერტუარს და ზოგჯერ ფეხები გვიცეკვავდა შტრაუსის ვალსზე, ზოგჯერ სამოთხისებური სიმშვიდე შემოჰქონდა შოპენს, ზოგჯერ ყელში ბურთი გვეჩხირებოდა რახმანინოვის მოსმენისას, პაგანინს ასტრალში გავყავდით და სკრიაბინი გვათავისუფლებდა ამქვეყნიური სამყაროს ტკივილებისგან. ამ ყველაფრის შემოქმედი, საოცარი ადამიანი, მუსიკოსი და მასწავლებელი, ბატონი გოდერძი იყო. მუდამ მშვიდი, მომღიმარი, მეგობრული და უშუალო. ჩვენ არასდროს აღვიქვამდით მას, როგორც მხოლოდ მასწავლებელს - მასში ყოველთვის უფროს მეგობარს ვხედავდით, სიკეთით, სიფაქიზით და სიმშვიდით სავსეს და სწორედ ამიტომ გვიყვარდა უკლებლივ ყველას. ხშირად მიფიქრია, თავის დროზე პროფესიონალი, მაგრამ ძალზე რთული და კაპასი ქალის ნაცვლად თქვენ რომ გესწავლებინათ ჩემთვის მუსიკალურ ათწლედში, ალბათ მუსიკას არასდროს მივატოვებდი, სწავლას კონსერვატორიაში გავაგრძელებდი და პიანისტი გავხდებოდი“.

-ბატონო გოდერძი, იყო დრო მუსიკაზე სიარული ყველა ბავშვისთვის სავალდებულო იყო, როგორც წესი, ყველა ამთავრებდა შვიდწლედს, როგორია თქვენი აზრი?

- მე, როგორც პროფესიონალ მუსიკოსს, ჩემი პედაგოგიური საქმიანობის ყველა ეტაპზე მიმაჩნდა, რომ მუსიკა უნდა შევასწავლოთ ყველას, ვისაც მუსიკისადმი ლტოლვა აქვს. ჩემი აზრით, საერთო მუსიკალური განათლება ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს. კლასიკური მუსიკა ესთეტიკური აღზრდის მძლავრი საშუალებაა. იგი მსმენელსაც და შემსრულებელსაც ყოველდღიურობას ავიწყებს და  მაღალ, ემოციურ განცდათა სამყაროში აჰყავს. ამიტომ მიზნად უნდა დავისახოთ რაც შეიძლება ბევრი იყოს ბავშვი, რომელიც  სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს, ასევე გუნდებში, ორკესტრებში, სხვადასხვა ანსამბლებში მღერის.

© photo: courtesy of Goderdzi Chitaishviliკონცერტის შემდეგ
სავალდებულო მუსიკალური განათლება? -„თქვენ რომ ჩემი მუსიკის მასწავლებელი ყოფილიყავით...“ - Sputnik საქართველო
კონცერტის შემდეგ

- სამედიცინო უნივერსიტეტში კლასიკური მუსიკის განყოფილების ხელმძღვანელობთ, ოდესღაც სამედიცინო ინსტიტუტს ძლიერი ჯაზ-ორკესტრი ჰყავდა. დღეს თუ არიან თქვენთან მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მომავალი ექიმები?

- სამედიცინო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები როგორც ყოველთვის, დღესაც მრავლად არიან. ჩვენს განყოფილებაში კლასიკური მუსიკის მოყვარული სტუდენტები - მომავალი ექიმები არიან. ისინი როგორც სამედიცინო საგნებს მუსიკასაც ასეთივე სერიოზულობით ეკიდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ თავისი საქმის მცოდნე კარგი ექიმები გამოვლენ. მუსიკის სიყვარულით და მშვენიერებისკენ სწრაფვით ეზიარებიან იმ სულიერ კომფორტს, რომლის გარეშეც ადამიანი მხოლოდ ფიზიკური არსებობისთვისაა განწირული.

- პროფესიონალი მუსიკოსი პოეზიითაც ხართ გატაცებული... 

-პოეზია ჩემი დიდი ხნის გატაცებაა. ლექსების წერის გარეშე ალბათ ცხოვრება ჩემთვის აზრს დაკარგავდა. ხელოვნების დარგებთან სიახლოვე ჩემს სულს ახალ-ახალ განცდებს მატებს, შემდეგ ეს განცდები ლექსების სახით ფურცელზე გადმოდის. ლექსის შექმნის პროცესი საოცარ ბედნიერებას განმაცდევინებს ხოლმე. განსაკუთრებულს არაფერს ვეხები, როგორც ყველა, მეც ვწერ: სამშობლოზე, სიყვარულზე, ბუნებაზე, ცხოვრებასა და ხელოვნებაზე... ჩემი ყველაზე  თბილი მოგონებები იმერეთთან, ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევთანაა დაკავშირებული. ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. ხშირად დამიდგებიან თვალწინ ის ადამიანები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყვნენ. მათი უმრავლესობა დღეს მარადისობის ბინადარია...

© photo: courtesy of Goderdzi Chitaishviliგოდერძი ჩიტაიშვილი და მისი სტუდენტი შორენა კოჭლამაზაშვილი
სავალდებულო მუსიკალური განათლება? -„თქვენ რომ ჩემი მუსიკის მასწავლებელი ყოფილიყავით...“ - Sputnik საქართველო
გოდერძი ჩიტაიშვილი და მისი სტუდენტი შორენა კოჭლამაზაშვილი

- რომელია ლექსი, რომელშიც საკუთარი თავი და სამყაროსადმი თქვენი დამოკიდებულება ყველაზე კარგად ჩანს?

-მაქვს ასეთი ლექსი, რომლის სათაურია "იმედი".

მელანქოლიის მრუმე ბურუსი

სადღაც წაიღო მთებში არწივმა,

ბოლომდე დაცლილ უხმო განცდებში

რწმენამ სიმშვიდე გადმომაწვიმა.

          უცებ მოაწვა სისხლი ძალუმად

          ოცნებად ჩაწნულ ფოლადის ძარღვებს,

          ბედის ვარსკვლავმა ჩალექა დარდი,

          უიმედობის ძველ კაშხალს არღვევს.

ფრთხილად ჩასახლდა შუქი ფიქრებში,

ვარსკვლავს ავხედე ხვალინდელ ცაზე,

სევდა დამიდნო, სითბო მაჩუქა,

იმედი სხივად დამიგო გზაზე.

© photo: courtesy of Goderdzi Chitaishviliგოდერძი ჩიტაიშვილი
სავალდებულო მუსიკალური განათლება? -„თქვენ რომ ჩემი მუსიკის მასწავლებელი ყოფილიყავით...“ - Sputnik საქართველო
გოდერძი ჩიტაიშვილი

-ბატონო გოდერძი, რა არის მთავარი ცხოვრებაში და შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას შეცვლიდით მასში?

-მთავარია იყო ოპტიმისტი, გჯეროდეს სიკეთის და მისი კეთების აუცილებლობის.

         "კვლავ ძალას მმატებს განვლილი წლები

          და სიკეთისაც ბოლომდე მჯერა,

          ვარ ბედნიერი, გულს რომ ისევ სურს,

          ხვალინდელ დღისკენ იმედით ცქერა."

ჩემი აზრით, სიბერის პირველი ნიშანი წარსულში ცხოვრებაა. ამიტომ სიცოცხლეს მისი ყველაზე კაშკაშა მხრიდან უნდა უყურო, ყოველდღიური ცხოვრების პატარ-პატარა ბედნიერ ამბებს თავი მოუყარო, ამით გაიხარო და ოცნებებს ზურგი არ შეაქციო.

"მოეშვი ძველ წლებს, ბედნიერს, წასულს,

არ მობრუნდება, ჩაბარდა წარსულს,

მოგონებებში ყოფნაა მცდარი,

მხოლოდ ხანდახან შეუღე კარი.

მერმისი იცი, უთუოდ მოვა,

მკვდარ ოცნებებსაც არ უნდა გლოვა,

ნუ შეაწუხებ იღბალსაც ძალზე,

თვით აჟღერდება იმედის ხმაზე.“

- ადამიანურ ოცნებას ასაკი აქვს?

-ადამიანმა ნებისმიერ ასაკში უნდა იოცნებოს და მხოლოდ წინ იყუროს!... მე ოპტიმისტი ვარ და მიყვარს ჩემი ცხოვრება. ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ თუკი ის განმეორდებოდა, ვისურვებდი, რომ ისევ ამ სახით განმეორდეს...

ყველა ახალი ამბავი
0