თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამაკაცს მომატებული ტემპერატურა - 37.3 გრადუსი უფიქსირდება და ის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV.
ბოლო მონაცემებით ჩინეთის ტერიტორიაზე ვირუსის შედეგად 361 ადამიანი დაიღუპა. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 17,2 ათას ადამიანს გადააჭარბა, 150-მდე დაავადებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფილიპინებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის აფეთქებას საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია უწოდა.
საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. ისინი საქართველოში გამოკვლეული არიან 22 რესპირატორულ ვირუსზე, ორი ადამიანის სინჯები კი გადაგზავნილია ნიდერლანდებში.
საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.