ფოთის პორტის პერსპექტივები: ინვესტორები ნავსადგურის გაფართოებას გეგმავენ

© photo: Sputnikფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის პორტის მფლობელმა კომპანიამ მთავრობას წარუდგინა ახალი პროექტი, რომლის პირველი ფაზის განხორციელების ღირებულება 250 მლნ დოლარია.

ახალი ტერმინალი ნაყარი მასალის ტვირთებისთვის და საკონტეინერო ნავმისადგომი – ასეთია APM Terminals Poti-ს გეგმები.

ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს. მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.

კომპანია ნავსადგურის გაფართოებას გეგმავს, მან საქართველოს მთავრობას უკვე წარუდგინა ახალი პროექტი, რომლის პირველი ფაზის განსახორციელებლად 250 მლნ დოლარის დახარჯვას აპირებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახალ პროექტს დეტალურად განიხილავს.

პორტის გაფართოების გეგმა

კომპანიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მთელი პროექტის განხორციელება 24-30 თვეში იგეგმება. იგი ორი ფაზისგან შედგება.

პირველი ფაზა ითვალისწინებს 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლისა და 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას, რაც პორტს 9 ათას TEU-მდე მოცულობის ხომალდების მიღების საშუალებას მისცემს, ეს კი დამატებით ნაყარი ტვირთების მიღების და 150 ათასი TEU-ს დამუშავების შესაძლებლობაა.

ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონია ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
ფოთის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო

მეორე ფაზა ითვალისწინებს 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას, რომელზეც სამი თანამედროვე STS ტიპის ამწე განთავსდება, რაც საკონტეინერო გამტარუნარიანობას 1 მლნ TEU-მდე გაზრდის.

„ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება 10-20 წლის განმავლობაში, ვინაიდან ნავმისადგომის გარშემო მოეწყობა ტერიტორია, რომელიც აუცილებლობის შეთხვევაში გაფართოვდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კელდ ქრისტენსენმა.

APM Terminals Poti-ს გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიას უკვე მოფიქრებული აქვს, რა ტიპის ტვირთებს გაატარებს პორტში.

„რაც შეეხება ფხვიერ ტვირთებს, ჩვენ ველოდებით, რომ თავდაპირველად სამი ტიპის ტვირთი გვექნება: ჯართი მთელი რეგიონიდან, სასუქი, მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან. საუბარია ახალ ტვირთებზე. პორტში ოპერირებს ასევე ჯგუფი, სადაც ფხვიერი ტვირთი – ნახშირი, სასუქი მუშავდება, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ტვირთებზე, რომელიც ჩვენს დერეფანში არ არის“, – აღნიშნა კრისტენსენმა.

თანახმაა თუ არა ხელისუფლება

ფოთში ნავსადგურის გაფართოების მცდელობა APM Terminals Poti-ს მხრიდან პირველი არ არის. გასული წლის მაისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა იგეგმებოდა. ინფორმაციის თანახმად, უნდა აშენებულიყო 1,6 ათასი მეტრი სიგრძის დამცავი მოლი და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი. ითქვა ასევე, რომ პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 250 მლნ დოლარი იქნებოდა.

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
მაია ცქიტიშვილი: ფოთის პორტი ანაკლიის პორტს ვერ შეცვლის

თუმცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც მაშინ ქვეყანაში პირველ ღრმაწყლოვან ნავსადგურს აშენებდა, განგაში ატეხა.

ამის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ გაცემული დოკუმენტი მშენებლობის ნებართვა არ იყო და ეს იყო ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კაკაურიძემ მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების თანხმობის გარეშე გასცა. კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამჟამად, APM Terminals Poti-ს ხელმძღვანელის თქმით, პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში მიმდინარე მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე განიხილეს.

„დავოსში ჩატარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჰააგიდან ჩვენი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები დიპლომატიური ხასიათისაა და ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა პროექტს მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ქრისტენსენმა.

ამასთან, მისი თქმით, როგორც კი პროექტს საბოლოოდ მოიწონებენ, კომპანია ნებართვის მიღებაზე იზრუნებს.

„ამ კუთხით ჩვენი მიდგომა არის მხოლოდ მომავლისკენ მიმართული. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით თბილისში და წარვადგინეთ გაფართოების დეტალური გეგმა. პოზიტიურად ვართ განწყობილი. როდესაც ეს მოლაპარაკებები, გნებავთ საუბრები, მივა გარკვეულ ეტაპამდე, ბუნებრივია, გავაკეთებთ განაცხადს ნებართვის მიღების თაობაზე და, ცხადია, მივმართავთ შესაბამის ორგანოს“, – აცხადებს ქრისტენსენი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი უწყება პროექტს განიხილავს.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
მილიონები ინვესტიციებზე და ასობით სამუშაო ადგილი – ფოთის პორტის გეგმები

„სამინისტროში სანებართვო პროცესის დაწყების მიზნით შემოტანილი ჰქონდათ პროექტი, თუმცა იმ ეტაპზე, გარკვეული ტექნიკური ხარვეზების მიზეზით, ჩვენი მხრიდან არამიზნობრივად იყო მიჩნეული ამ პროცესის გაგრძელება. აღნიშნული პროცესის განახლების თაობაზე ჩვენთვის ჯერჯერობით არ მოუმართავთ. თუ მოგვმართავენ, დეტალურად გავეცნობით, რამდენად დაცულია ყველა პროცედურა და რას წარმოადგენს პროექტი“, – განაცხადა მინისტრმა.

ფოთის ნავსადგური

ფოთის ნავსადგური ერთ-ერთ მთავარ კვანძს წარმოადგენს ტრასეკას სატრანზიტო დერეფნისთვის, რომელიც ევროპას მოკლე გზით აკავშირებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ფოთის პორტი უკავშირდება უკრაინის, ბულგარეთისა და რუსეთის პორტებს პირდაპირი საბორნე სარკინიგზო ხაზით და უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთბრუნვას.

2011 წლის აპრილიდან, პორტის შეძენის მომენტიდან, APM Terminals-მა ნავსადგურის მოძველებული ინფრასტრუქტურის, მომსახურების ობიექტების გასაახლებლად, მათ შორის, ახალი საბაჟო ცენტრისა და ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების ასაშენებლად 80 მლნ დოლარი გამოყო.

2013 წლის მაისში გაიხსნა მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 500 000 ტონაა. ამოქმედდა ახალი მარშრუტი ცენტრალური აზიიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ექსპორტისთვის. ამას მოჰყვა 2014 წელს ახალი შიდა საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0