თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ანკარაში დაეშვა თურქეთის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს 3 მოქალაქეც იმყოფება, იუწყება პირველი არხი თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის ბორტზე უხანიდან ევაკუირებული თურქეთის 34, აზერბაიჯანის შვიდი და საქართველოს შვიდი მოქალაქე უნდა გამოეყვანათ. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ექვსმა ადამიანმა ევაკუაციაზე უარი თქვა.
როგორც ცნობილია, ევაკუირებულ მოქალაქეებს 14 დღის განმავლობაში ანკარის ერთ-ერთ კლინიკაში კარანტინში მოათავსებენ.
ორკვირიანი კარანტინის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.
რაც შეეხება უხანში მყოფ დანარჩენ ქართველებს, ოთხი მოქალაქიდან ორის ევაკუაცია ხვალ დილით განხორციელდება საფრანგეთში, სადაც ისინი საკარანტინო პერიოდს გაივლიან.
„დანარჩენმა ორმა მოქალაქემ კი ევაკუაციაზე უარი თქვა და უხანში დარჩენა გადაწყვიტა. მათი თქმით, ისინი თავად უხანში უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, ვიდრე სხვა ქვეყანაში. ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში რჩებიან საქართველოს სხვა მოქალაქეებიც, ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. საბედნიეროდ, კარგად არიან ისინი და იცავენ მკაცრად ზომებს“, – განაცხადა ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ.
ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას ჩინეთში 259 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულია დაახლოებით 12000 ადამიანი.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები 26 ქვეყანაში გამოვლინდა.
პეკინში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა >>
კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.