ერთ მშვენიერ დღეს კი ფილარმონიის სოლისტი და მაშინ ერთადერთი ტელევიზიის მომღერალი გახდა. საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალების რვაგზის ლაურეატი და პირველი ადგილის მფლობელი გახლავთ.
როდესაც კონსერვატორიის მცირე დარბაზში „ოროველა" შეასრულა, პროფესიონალებმა ხალხური სიმღერების უზადო შემსრულებლად ჰამლეტ გონაშვილთან ერთად ისიც დაასახელეს. ამით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი...
- ქალბატონო ნინო, თქვენი სიმღერები რადიოს „ოქროს ფონდშია“ შესული, პირველი სიმღერა რომელი იყო?
- „ოქროს ფონდში“ ჩემი 50 სიმღერაა დაცული. პირველი სიმღერა იყო „ოროველა". მოგეხსენებათ, ეს ურთულესი სიმღერაა და ამის მერე არც ერთი ხალხური სიმღერის შესრულება აღარ გამჭირვებია. მას მოჰყვა „შატილის ასულო", „ლალე", „ია", „გაზაფხულს ია ამოდის", „საქართველო" და ა.შ. ფონდში ასევე შესულია ჩემი საკუთარი სიმღერებიც. საერთოდ რადიოსთან მრავალი ულამაზესი წელი მაკავშირებს. საოცარ პროფესიონალებთან, ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული თანამშრომლების გვერდში მუშაობა ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
- თქვენს ბავშვობას, რომელიც სოლოლაკში გაატარეთ, თურმე ედიტ პიაფის სიმღერები გასდევდა ფონად...
- „ჩემი ოქროს ხანა" – ასე დავარქმევდი ბავშვობას, რომელიც უდარდელი, უზრუნველი და ძალიან მხიარული იყო. სოლოლაკი ძალიან მიყვარს, ახლაც მესიზმრება ჩემი ლამაზი სახლი და უბანი... ედიტ პიაფი მართლაც უსაზღვროდ მიყვარდა და დღემდე მიყვარს. სკოლაში ჩემი პედაგოგი ცნობილი და ღვაწლმოსილი ლოტბარი გურამ ნამჩევაძე იყო. ჩემი ხმის ტემბრიდან გამომდინარე, მან მაშინვე იგრძნო, რომ ქართული ხალხური სიმღერა უნდა მემღერა და „ჩონგურო, ჩემო ჩონგუროს" სოლო პარტია მომცა. შემდეგ აღფრთოვანებული დარჩა ჩემი ნამღერით. ამის მერე ოლიმპიადებზე ყოველთვის ვიმარჯვებდი...
- ფრანგული ენის შესწავლა ედიტ პიაფის სიყვარულით გადაწყვიტეთ?
- არა, ედიტ პიაფის ფრანგული ისედაც მესმოდა. საქმე ისაა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვაბარებდი, მაგრამ ჩემი ქულებით იმავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე მოვხვდი ფრანგული ენის განხრით. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა და ფრანგულ ენას სიამოვნებით დავეუფლე.
- საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალების რვაგზის ლაურეატი ხართ, რომელ ფესტივალს გაიხსენებდით?
- სადაც გამოვედი, იმ ფესტივალებიდან გერმანიას გამოვყოფდი. ეს პირველი საერთაშორისო ფესტივალი იყო ჩემთვის. მაშინ ვეჭვობდი, რომ გერმანელებს შეიძლება ვერ გაეგოთ ქართული მთის ფოლკლორი, რომელსაც ფანდურის თანხლებით ვასრულებდი. თუმცა, ჩემდა გასახარად, ძალიან კარგად ჩაწვდნენ და გერმანელი პროდიუსერი აღფრთოვანებული დარჩა. თქვენ წარმოიდგინეთ, იმასაც კი ხვდებოდა, ესა თუ ის ქართული სიმღერა სამშობლოზე იყო თუ სიყვარულზე.
- ვიცი, რომ ისრაელის საოპერო თეატრში ნამღერიც დაგამახსოვრდათ, რატომ?
- თელ-ავივის საოპერო თეატრში, სადაც საქართველოდან სოლო მომღერალი მარტო მე ვიყავი მიწვეული, გრანდიოზული ორგანყოფილებიანი კონცერტი ჩატარდა. პირველ განყოფილებაში სამი საესტრადო სიმღერა შევასრულე, მეორე განყოფილებაში ცხრა ხალხური სიმღერა მამღერეს. მახსოვს, რომ სცენიდან არ მიშვებდნენ. რაც მთავარია, ყველა სიმღერა ტაშის თანხლებით ვიმღერე. ის დიდი სითბო და სიყვარული, რომელიც დარბაზიდან მოდიოდა, არასოდეს დამავიწყდება…
- თურქეთის სტადიონზე რა სიმღერები შეასრულეთ?
- თურქეთში გასტროლების დროს სტადიონის სეზონის გახსნაზე მიმიწვიეს და საგანგებოდ ვისწავლე თურქული სიმღერა, რომელიც დოლ-გარმონის აკომპონიმენტით შევასრულე. დავიწყე თუ არა სიმღერა, მთელი სტადიონი ტაშით და ოვაციით ფეხზე წამოდგა. ბუნებრივია, ეს არ გამკვირვებია, მაგრამ როდესაც ფანდურის თანხლებით დავიწყე ქართული „ლალე", მთელი სტადიონი მაშინაც ოვაციით წამოდგა ფეხზე და მაშინ, სიმართლე გითხრათ, ბედნიერების ცრემლები ძლივს შევიკავე...
- გამოუსწორებელი ოპტიმისტი ყოფილხართ...
- სრული სიმართლეა და ამ ოპტიმიზმს ჩემ გარშემო მყოფებსაც გადავცემ ხოლმე. არავის ვაძლევ უიმედობის უფლებას, რაც ძალიან კარგად გამომდის. მე ვფიქრობ, რომ ჩემი საკუთარი სიმღერის „დილის ვარდების” წარმატებაც იმის დამსახურებაა, რომ იმედიანი სიმღერაა და მსმენელმაც ამ ოპტიმიზმის გამო შეიყვარა და აიტაცა იგი...