თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ნუგზარ ბეჟანიძის, გოჩა თადუმაძის, გიორგი ბიბილაურის, ბექა ცინცაძის, როლანდ ბერიძისა და იური მჟავანაძის დაკავების შესახებ განცხადება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ხუთშაბათს, 30 იანვარს გააკეთა.
გიორგი ბიბილაურსა და როლანდ ბერიძეს ბრალი ედებათ დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მომზადებაში, დანარჩენ დაკავებულებს კი ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, დამზადებასა და გასაღებას ედავებიან.
ამასთან, როგორც ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა გიორგი კავსაძემ განაცხადა, გრძელდება საქმის გამოძიება, მათ შორის, დამკვეთების გამოვლენის კუთხით.
„პირდაპირ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთი დამკვეთი უკრაინაშია დაკავებული, იგი უკრაინის მოქალაქეა. რაც შეეხება ვატო ყიფიანის საქმესთან კავშირს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიების პერიოდში ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი ბრძანებით არ იყო დამზადებული", – განაცხადა კავსაძემ.
ამავე დროს პროკურორმა აღნიშნა, რომ სასამართლო შეკვეთილი მკვლელობის მოტივებს არკვევს.
„რა ინტერესი ჰქონდა უკრაინის მოქალაქეს ძმებ ფეიქრიშვილების მიმართ, ვინ იყო დამკვეთი, რა იყო მოტივი, ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ჩვენ უკრაინელ სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად ვმუშაობთ. ყველაფერი დადგენილია. როდესაც ჩვენ გვექნება მტკიცებულებების სტანდარტი როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, ჩვენ სისხლის სამართლებრივ დევნას დავიწყებთ", – განაცხადა კავსაძემ.
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ ორ პირს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.