შეკვეთილი მკვლელობა და კილოგრამი „ტროტილი“: საქმის დეტალები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისსა და ბათუმში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და თბილისში ორი ძმის მკვლელობა აღკვეთეს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში ორი ადამიანის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, ნათქვამია  სუს-ის განცხადებაში.

თავდასხმა თბილისში მცხოვრებ ორ ძმაზე იგეგმებოდა, მათი ვინაობა არ საჯაროვდება.

გამოძიების ინფორმაციით, შეკვეთილი მკვლელობა უკრაინაში, სავარაუდოდ, კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით დაიგეგმა.

საპყრობილე - Sputnik საქართველო
პოლკოვნიკ თეთრაძის წამება – ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა

ბოროტმოქმედების დაკავების სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა თბილისში, ბათუმსა და ხარკოვში. დაკავებულია საქართველოს ექვსი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

გამოძიების ცნობით, უკრაინის მოქალაქე თბილისში სიტუაციის შესასწავლად და მკვლელობის დასაგეგმად გამოგზავნეს. ამაში მას საქართველოს ექვსი მოქალაქე ეხმარებოდა.

უკრაინის მოქალაქემ თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების ორ წევრთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, რა დროსაც მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძმების, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების, ახლობლების, საცხოვრებელი სახლებისა და იმ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შესახებ, რომელთაც ხშირად სტუმრობდნენ მიზანში ამოღებული პირები.

შეკვეთის შესასრულებლად უკრაინის მოქალაქეს გადასცეს ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი, ავტომატი ვაზნებით და დამატებითი მჭიდებით, ასევე ფულადი თანხის ნაწილი 4 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისთვის

თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად ავტომობილის აფეთქება განიხილებოდა, რასთან დაკავშირებითაც კილერს ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“  გადასცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის მომზადების პროცესში დაჯგუფების ორი წევრი კონსპირაციის ნორმების დაცვით მოქმედებდა. ისინი თავს არიდებდნენ პირდაპირ კომუნიკაციას თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქესთან, შეხვედრებს ინტერნეტის გამოყენებით წინასწარ ათანხმებდნენ უკრაინაში დამკვეთთან.

შეხვედრაზე მისვლამდე დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი გადაადგილდებოდა სამედიცინო პირბადით, იყენებდა ე.წ. კაპიუშონიან ქურთუკს, ქუდს, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მათი იდენტიციფირება.

საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
ნეიროქირურგმა გიორგი მაღალაშვილმა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა

ამასთან, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ ორგანიზება გაუწია დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას, რომელიც შემდეგ თბილისში უკრაინის მოქალაქეს გადაეცა.

აღნიშნული დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირების დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიო- და ვიდეომასალა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები.

სპეცოპერაცია თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. თბილისში ორი – დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე (16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა), ხოლო ბათუმში – ოთხი – ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე (ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა).

პარალელურად ქალაქ ხარკოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი უკრაინის მოქალაქე.

 

ყველა ახალი ამბავი
0