თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის საკრებულოს სამ დეპუტატს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ინციდენტი თბილისის საკრებულოში 24 იანვარს გამართულ სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდა. უმრავლესობის დეპუტატმა თარაშ შურღაიამ შეურაცხყოფა მიაყენა ხაბეიშვილს კორუფციაზე მისი გამონათქვამების გამო, ხოლო როდესაც მან პასუხის დაბრუნება სცადა, მმართველი პარტიის სამმა დეპუტატმა ხაბეიშვილი წააქცია და მას ცემა დაუწყეს. ისინი მანდატურებმა და დანარჩენმა დეპუტატებმა გააშველეს. ოპოზიციონერ დეპუტატს ჩალურჯებული ჰქონდა თვალი, დაზიანება ეტყობოდა შუბლზეც.
პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დეპუტატების ალექსანდრე ხუჯაძის, ავთანდილ ცინცაძისა და თარაშ შურღაიას წინააღმდეგ.
საქართველოს შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით („ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მისამართით ძალადობის ფაქტზე საპროცესო ღონისძიებების ფარგლებში პროკურატურაში თავად ხაბეიშვილიც დაიბარეს.
რეაქციები
საკრებულოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ მომხდარს სამარცხვინო უწოდა.
„ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ყველამ დაინახა, რომ მათი მხრიდან ძალადობა იყო, ახლა კი მათ სურთ ლევან ხაბეიშვილი გამოიყვანონ მოძალადედ. ეს დიდი სირცხვილია. მათ ეს გააკეთეს იმ მიზნით, რომ მოძალადეებს ხელი დააფარონ და მოძალადედ ხაბეიშვილი გამოიყვანონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ ქვეყანაში ჩვენ არანაირი სამართლიანობა არ გვაქვს", – განაცხადა ნადირაძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, „ქართული ოცნების" დეპუტატები ბრალს არ აღიარებენ.
„მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მიიღებს ისეთ პასუხს, რომელსაც იმსახურებს. მე პირველი დღიდან ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდოთ შედეგებს", – განაცხადა ცინცაძემ.