რატომ არ აჰყვა ევროსაბჭო პროვოკაციას, ამას „რია ნოვოსტი“ განიხილავს.
არაპროგნოზირებადი პროცედურა
კონფლიქტი ლიეტუვის დეპუტატ ზინგერის ემანუელისის გამოსვლით დაიწყო. სტრასბურგში სხდომის გახსნისთანავე მან სესიის მონაწილეებს ეროვნული დელეგაციების მუშაობის დღის წესრიგის გადახედვა და რუსეთის უფლებამოსილების შეზღუდვა შესთავაზა. საბაბიც მოიძებნა: რუსეთის ხელისუფლება, ზინგერისის მტკიცებით, არ ასრულებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
ლიეტუვას არც უკრაინის დელეგაცია ჩამორჩა. კიევის შეშფოთება გამოიწვია რუსეთში წამოწყებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ. პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ვლადიმირ პუტინის წინადადება, საერთაშორისო სამართალზე მაღლა რუსეთის კანონები დააყენონ, შეაფასა, როგორც საფრთხე. თუ ეს შესწორება ძირითად კანონში მოხვდება, მოსკოვი უარს იტყვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესრულებაზე, განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.
ლატვიელმა დეპუტატმა მარია გოლუბევამ პროტესტი განაცხადა ყირიმის წარმომადგენელთა რუსული დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობაზე და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ნახევარკუნძულს ევროპის საბჭოში კვლავ უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევენ. შესაბამისად, სტრასბურგში ყირიმელების ჩამოსვლა არალეგიტიმურია. გოლუბევა აღაშფოთა ასევე ყირიმის მცხოვრებთა მონაწილეობამ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ფედერალურ და საპარლამენტო არჩევნებში.
ბალტიისპირეთის ქვეყნების დელეგაციებმა პრეტენზიები გაგზავნეს მონიტორინგის კომისიაში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მორი პასკიემ არ გამორიცხა, რომ ზოგიერთ დელეგაციას, შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეს. მაგრამ იქვე დასძინა, რომ „ეს ძალიან არაპროგნოზირებადი პროცედურაა“.
უსაფუძვლო პრეტენზიები
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ დეპუტატები ზამთრის სესიას დატოვებენ, თუ რუსეთის მიმართ მართლაც დაწესდება გარკვეული შეზღუდვები. „იმედია, საღად მოაზროვნე უმრავლესობა ასეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს“, – აღნიშნა მან.
დისკუსია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს კონსტიტუციური ცვლილებები რუსეთის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილებების შესრულებაზე, ტოლსტოიმ ნაადრევად მიიჩნია. „რუსეთის გაკრიტიკება შესწორებებისთვის ძირითად კანონში, რომლებიც ჯერ არ არის ასახული, არამედ მხოლოდ იხილება საზოგადოებაში, უცნაურია“, – აღნიშნა დელეგაციის მეთაურმა.
რუსეთის დელეგაციაში ყირიმელი დეპუტატების მონაწილეობას ტოლსტოიმ კანონიერი უწოდა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნები მოიშველია. „ვერ ვხედავ ვერც სამართლებრივ, ვერც პოლიტიკურ საფუძველს ამგვარი პრეტენზიებისთვის. როდესაც არ არსებობს საფუძველი, ნებისმიერ საბაბს ებღაუჭებიან“, – ხაზი გაუსვა მან.
საბოლოო ჯამში, მის თვალსაზრისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიაც დაეთანხმა. რუსეთის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში კომისიამ სრულად დაამტკიცა. მეტიც, პიოტრ ტოლსტოი ხმათა უმრავლესობით საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
რუსეთის საწევროს გარეშე დარჩენის საფრთხე
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ამას წინათ სრულად აღდგა, სახელმწიფო დუმის დელეგატები იმედოვნებდნენ, რომ არანაირი ახალი შეზღუდვები არ დაწესდებოდა. გასულ გაზაფხულს მოსკოვის უფლებამოსილების აღდგენას ეროვნული დელეგაციების უმეტესობამ დაუჭირა მხარი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებული უთანხმოება ხმის უფლების შეზღუდვის საფუძველი ვერ გახდებოდა.
შემოდგომის სესიას რუსეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. მაშინ რუსეთის ხმის უფლების აღდგენა დემარშით გააპროტესტეს უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და საქართველოს დელეგატებმა. მათი ერთობლივი განცხადება გაითვალისწინეს, მაგრამ მოსკოვის უფლებამოსილებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. კიევმა პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ორგანიზაციას გადაწყვეტილება არ შეუცვლია კიდევ ერთი მიზეზის გამო: რუსეთმა ივლისში ევროპის საბჭოში შეიტანა 2019 წლის საწევრო. მოსკოვმა წინა ორი წლის საწევროც გადაიხადა, თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღია. ორგანიზაციისთვის, რომელიც სახსრების სიმწირეს განიცდიდა, ეს თანხა მნიშვნელოვანი შენატანი იყო.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, იძულებული იყო, უარი ეთქვა რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე, კონვენციასა და მრგვალ მაგიდაზე, შეემცირებინა თანამშრომელთა ხელფასები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და უკრაინამ თანხა, რომელიც საწევროს აღემატებოდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენჯერმე შეიტანეს, მაგრამ ორგანიზაციას ეს დიდად არ დახმარებია.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეტენზიები რუსეთის მიმართ ყოველთვის პოლიტიზებულია. მათ აწუხებთ რუსეთის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, თუმცა დისკუსია ამ თემაზე ქვეყანაში სულ ახლახან დაიწყო. თანაც ევროსაბჭოს წევრი მრავალი ქვეყნის კონსტიტუციებში დიდი ხანია შეტანილია დებულებები ეროვნული კანონმდებლობის უპირატესი როლის შესახებ. მაგალითად, გერმანიაში რატიფიცირებულ კანონს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას უკავშირდება, აქვს ფედერალურის სტატუსი. ანუ კონსტიტუცია დოკუმენტის წინაშე ბერლინის ვალდებულებაზე მაღლა დგას“, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის მთავარი ნაკლი, მისი აზრით, არის ის, რომ ბევრი ქვეყანა საფუძვლიანად არ ეცნობა პრობლემებს და ინერციით აძლევს ხმას.
„ქვეყანასა თუ პრობლემაზე მოსაზრება მრავალ ეროვნულ დელეგაციას უყალიბდება იმის ზემოქმედებით, რასაც ისინი ადგილობრივ მასმედიაში კითხულობენ. გამოდის, რომ უფრო ხშირად რეაგირებენ მითებზე. მათი რაიმეში დარწმუნება რთულია. ამდენად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამ ნაცრისფერი უმრავლესობის მძევალი ხდება“, – აღნიშნა მან.
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა არტურ გულასარიანმა „რია ნოვოსტის“ განუმარტა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურის წესების თანახმად, დელეგაციების უფლებამოსილების ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი უხეშად ირღვევა.
„ევროსაბჭოს წესდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლევს უფლებას, დამოუკიდებლად შეზღუდოს ადამიანის უფლებები. ამაში საკვანძო როლი ეკუთვნის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მინისტრთა კომიტეტის კონსულტაციების პროცედურა. ნათელია, რომ ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილების ცალმხრივად შეზღუდვა – წესდების დებულებათა დარღვევაა“, – აღნიშნა მან.