თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობა ჩინეთში 132-მდე გაიზარდა, დაავადებულთა რაოდენობა 6 ათასამდეა. უკვე გაჩნდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც – განიკურნა 104 ადამიანი. ვირუსი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავრცელდა, დაინფიცირების შემთხვევები კიდევ 15 ქვეყანაში დაფიქსირდა, კერძოდ: ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში.
როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ჩინეთის მხარე და შესაბამისი ავიაკომპანიები აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკვე ინფორმირებული არიან. შეზღუდვა ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29 მარტამდე იმოქმედებს.
„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც მანამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე და პანიკის საფუძველი არ არსებობს და ჩვენი ქვეყანა კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის ზონაში მყოფ ქვეყნად, საქართველო ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეჩერებას გეგმავს.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი სასიკვდილო ვირუსის ქვეყანაში გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, თუმცა ამის შანსი მინიმალურია.
საქართველომ უკვე აკრძალა ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი. აეროპორტებსა და სხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში ექიმები საქართველოში შემოსულ მგზავრებს ამოწმებენ.
კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.