თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე 367 მილიონი ლარი დახარჯა, განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ 2019 წლის შედეგების პრეზენტაციაზე.
ფონდი დაარსების დღიდან მსოფლიოში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით რეგიონების მხარდამჭერი პროგრამების გახორციელებაა.
„ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ 250 და დავასრულეთ 70 პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტმა 367 მილიონი ლარი შეადგინა. დასრულდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა, ვანის მუზეუმის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, ბათუმისა და ქობულეთის ნაპირდაცვის სამუშაოები, ასურეთის შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა შენგელიამ.
ფონდის ძირითადი მიმართულებებია - ტურისტული ინფრასტრუქტურა, ქალაქების ურბანული განახლება, საგზაო, სატრანსპორტო, წყლის და სპორტული ინფრასტრუქტურა. 2019 წელს ფონდი ორ ახალ პროგრამაში ჩაერთო. ეს პროგრამებია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობა.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 161 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია. ხოლო რაც შეეხება სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობას, ფონდმა 76 ბაღის პროექტირებასა და მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, რომლის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ ლარს სცდება.
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა >>
„მხოლოდ 2019 წელს ამ პროექტებზე დასაქმებული იყო 15 000 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ქართულ კომპანიებს ვეხმარებით, რათა გაძლიერდნენ და მიიღონ გამოცდილება, რაც ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე მათზე მოთხოვნილებას გაზრდის. ჩვენ გვჭირდება ბევრი პროფესიონალი და კონკურენტული კომპანია, რადგან კიდევ უფრო მასშტაბურია 2020 წლის გეგმები,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
ფონდმა 2019 წელს დაიწყო წყალტუბოში, ზუგდიდში და ქუთაისში დევნილთა სახლების მშენებლობა. ჯამში 2019-2021 წელს 2440 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას. პროგრამის ჯამური ღირებულება კი 152.3 მილიონი ლარია. 2019 წელს ფონდმა უკვე დაასრულა მცხეთაში 2 კორპუსის მშენებლობა და 120 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა.