თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, გასულ კვირასთან შედარებით, შემცირდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დაავადებათა ეროვნული ცენტრი ყოველ ორშაბათს გასული კვირის მაჩვენებელს აჯამებს და მონაცემებს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 172 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასულ კვირაში მაჩვენებელი 216 იყო. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა 249 იყო.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზების შემთხვევებს, ბოლო მონაცემებით, მაჩვენებელი 30%-დან 28%-მდე შემცირდა.
ინფექციონისტები აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ტენდენციით, გრიპის სეზონის მიმდინარეობა შედარებით უფრო მშვიდია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
წლევანდელ სეზონზე პრევალირებს გრიპის B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია.
ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 66%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დანარჩენი A ტიპის – H3 და H1 ვირუსებია, აგრეთვე რინოვირუსები.