ამირან გამყრელიძე: გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა

გამოწერა
სპეციალისტების აზრით, წლევანდელი გრიპის სეზონის მიმდინარეობა შედარებით უფრო მშვიდია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოში ბოლო ერთ კვირაში გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების მატება არ არის, განაცახადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
არდადეგები დასრულდა: გრიპის სეზონთან დაკავშირებით განათლების უწყება რეკომენდაციებს იძლევა

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემით, რომელიც გასული კვირის მაჩვენებლებს ასახავს, საქართველოში გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა – ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 216-ია. წინა კვირაში 100 ათას მოსახლეზე 219 შემთხვევა იყო.

„წინა კვირისგან განსხვავებით, დაახლოებით 5%-ით გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საუბარია ჰოსპიტალიზაციაზე მწვავე რესპირატორული ინფექციებით, რომელიც, დიდი ალბათობით, ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა გაზრდილი. გასულ კვირაში არც ერთი მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომელიც ინტენსიურ ან რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებს", – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ადრე ცენტრის დირექტორმა განაცხადა, ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაცული საბავშვო ბაღების აღსაზრდელები არიან, რამდენადაც წელს დაახლოებით 14 ათასმა აღმზრდელმა გრიპის აცრა გაიკეთა. გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და გადაწყვეტილება სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„წლევანდელი ტენდენციით, გრიპის სეზონის მიმდინარეობა შედარებით უფრო მშვიდია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ექიმი ნატო გათენაშვილი - Sputnik საქართველო
გათენაშვილი: გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტთა მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.

წლევანდელ სეზონზე პრევალირებს გრიპის B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია.

ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 80%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10%-ია A ტიპის H1N1, დანარჩენი 10% კი რინოვირუსებია.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. "ღორის გრიპი" მძვინვარებდა, რომლის გართულების ნიადაგზე 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0