თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და კომპიუტერულ სისტემაში ძალადობით ჩადენილი უნებართვო შეღწევის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც თბილისში „ფილარმონიასთან“ მდებარე ღამის კლუბ „შავი ვარდის" მენეჯერია, ამავე კლუბში მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს მომსახურებისთვის იძულების მუქარით, დიდი თანხა - 31 ათასი ლარი გადაახდევინა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„შედეგად, ინდოეთის მოქალაქემ, ს.ს.-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ს.ს.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, დაკავებულმა კლუბში მყოფი უცხოეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული საბანკო ბარათებიდან თანხის ნაწილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მიითვისა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი, 360-ე მუხლის მე-2 და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.